Aa
Aa

ბითაძე: "ამ წარმატებას ოჯახს ვუძღვნი"

გოგა ბითაძის სახით საქართველოს NBA-ში კიდევ ერთი წარმომადგენელი ეყოლება. 19 წლის ქართველი დრაფტზე მე-18 ნომრად „ინდიანა პეისერსმა“ აირჩია.

ბითაძის მისი გუნდის რიგებში ჩარიცხვას „ინდიანას“ მთავარი მწვრთნელი, ნეიტ მაკმილანი, გამოეხმაურა და თინეიჯერი კალათბურთელის არჩევით კმაყოფილება გამოთქვა.

„აღტაცებულები ვიყავით, რომ მე-18 ნომრად ბითაძის არჩევის საშუალება მოგვეცა, რადგან ვფიქრობდით, მას გაცილებით ადრე აიყვანდნენ. იგი მაღალი დონის კალათბურთელია, რომელიც ბურთს შესანიშნავად აკონტროლებს და სამქულიანებშიც ძლიერია.

გოგას სათამაშო სტილი დომანტას საბონისის სათამაშო მანერას ჰგავს, იმედი გვაქვს, ქართველი მასთან და მაილს ტერნერთან ერთად სწორად განვითარდება“.

დრაფტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა კომენტარისთვის თავად ბითაძესაც მიმართეს, რომელმაც აღნიშნა, რომ ოცნება აუხდა, წარმატება კი ოჯახს მიუძღვნა.

იმდენად აღელვებული ვიყავი, პირდაპირი მნიშვნელობით - ვკანკალებდი, მთავარი კი ისაა, რომ ოცნება ახდა! ეს რეალობაა და ჩემთვის აქ ყოფნა დიდი პატივია. სრული აქცენტი კალათბურთზე და დაუღალავ შრომაზე მაქვს გადატანილი, რაშიც ოჯახი ძალიან მეხმარება.

ახლა ისინი ამ ყველაფერს პირდაპირ ეთერში უყურებენ, ყოველთვის მათთვის ვშრომობდი და ამ წარმატებასაც მათ ვუძღვნი“.

ვლადიმერ სტეფანიას, ნიკოლოზ ცქიტიშვილის, ზაზა ფაჩულიას, ჯეიკ ცაკალიდისის, თორნიკე შენგელიასა და ჯეიკობ პულენის შემდეგ გოგა ბითაძე მე-7 ქართველია, რომელიც NBA-ში ითამაშებს.

როგორც მოსალოდნელი იყო, დრაფტზე პირველ ნომრად ზაიონ უილიამსონი აირჩიეს, რომელიც „ნიუ ორლეან პელიკანსის“ ღირსებას დაიცავს, მეორე ნომერ ჯა მორანტის კლუბი „მემფის გრიზლი“ იქნება, მესამე ნომერი არ ჯეი ბარეტი კი „ნიუ იორკ ნიქსში“ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები