როგორ გამოეხმაურნენ კალათბურთის უცხოელი ქომაგები ზაიონისა და ბითაძის ფოტოს
Aa
Aa

როგორ გამოეხმაურნენ კალათბურთის უცხოელი ქომაგები ზაიონისა და ბითაძის ფოტოს

„ბითაძემ ეს ფოტო კედელზე უნდა დაკიდოს... ყოველდღე უყუროს და ყველა დაფრქვას" - ასეთი სიტყვებით გაამხნევა „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ მძიმე ფორვარდმა, დრეიმონდ გრინმა გოგა ბითაძე.

როგორც მოგეხსენებათ ჩვენებურმა გუშინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების წინაშე ზაიონ უილიამსონთან ერთად წარსდგა. პრესის წარმომადგენლებმა კი გოგა უყურადღებოდ დატოვეს.

მოგვიანებით სოციალურ ქსელებში ფოტო გავრცელდა, სადაც ჩანს გოგა, რომელიც მარტო ზის და ზაიონი, რომელსაც უამრავი ჟურნალისტი ახვევია თავს.

ხსენებულ ფოტოს გულშემატკივართა შორის დიდი გამოხმაურება მოჰყვა და გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო განცხადებას.

***

„თუ გოგას უფრო წარმატებული კარიერა ექნება, ვიდრე ზაიონს, ეს ფოტო ლეგენდარულ სტატუსს შეიძენს“.

„როცა გოგა ზაიონს გადაატენის, ამ ფოტოს კიდევ ერთხელ ვნახავთ“.

„ზაიონის მიმართ სიმპათიებით ვარ განწყობილი მაგრამ დღეიდან გოგა ბითაძეს ვქომაგობ. ეს ფოტო ჩარჩოში ჩასვი და ყველაფერი გააკეთე, რომ ამ ხალხმა ეს მომენტი ინანოს“.

„ამ ფოტოს შემდეგ გოგა ბითაძე NBA-ს წლის საუკეთესო ახალგაზრდის ჯილდოს მოიგებს“.

„შეხედეთ გოგას! ეს ფოტო ყველას გაგაძლიერებთ“.

„მე რომ გოგა ვიყო, ამ ფოტოს ჩარჩოში ჩავსვამდი და სავარჯიშო დარბაზსა და გასახდელში დავკიდებდი... დაიმახსოვრეთ... გოგას NBA-ში ბრწყინვალე კარიერა ექნება“.

„დიდი იმედი მაქვს გოგა ბითაძე NBA-ში მოხვდება, All-Star გახდება და შემდეგ არავის კითხვას არ უპასუხებს. მან ჟურნალისტებს ასე უნდა მიმართოს: „წადით ზაიონს ჰკითხეთ“.

„ძვირფასო გოგა! ეს ფოტო ჩარჩოში ჩასვი და მოტივაციისთვის გამოიყენე“.

„ერთ დღეს ეს ფოტო ძალიან ძვირი ეღირება. მაშინ, როცა გოგა ბითაძე NBA-ს ჩემპიონი და All-Star გახდება, ხოლო ზაიონი გაცემულ ავანსებს ვერ გაამართლებს“.

„2026 წელი! ზაიონი სუპერვარსკლავია და მისი გუნდი დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეშვიდე შეხვედრას 1 ქულით აგებს. ზაიონი დაცვაში ბრუნდება, მაგრამ გოგა ბითაძე უმნიშვნელოვანეს ბურთს აგდებს და თავისი გუნდი სუპერფინალში გაჰყავს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები