Aa
Aa

ლუკაკუ "ინტერში"? "ნერაძური" ბელგიელს კვირაში 180 000 ფუნტს გადაუხდის

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ბელგიელი თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუ სავარაუდოდ კარიერას „ინტერში“ გააგრძელებს. ერთ-ერთი მოწინავე ბრიტანული გამოცემა, The Sun-ის ინფორმაციით 26 წლის ფორვარდმა „ნერაძურისთან“ კონტრაქტი შეათანხმა და ახლა იტალიელებს ისღა დარჩენიათ „წითელ ეშმაკებს“ მოელაპარაკონ.

ლუკაკუ მილანურ კლუბთან გრძელვადიან ხელშეკრულებას გააფორმებს და ანაზღაურების სახით კვირაში 180 000 ფუნტს მიიღებს. ბელგიელი „ჯუზეპე მეაცაზე“ გადასვლას მოუთმენლად ელის და თვლის, რომ ანტონიო კონტესთან ერთად დიდ წარმატებას მიაღწევს.

„ინტერის“ მთავარი გამოწვევა „მანჩესტერის“ ხელმძღვანელობის დაყოლიება გახლავთ. „წითელი ეშმაკები“ რომელუს სანაცვლოდ ზუსტად იმდენს ითხოვენ, რამდენიც თავის დროზე „ევერტონს“ გადაუხადეს. საუბარი 75 მილიონ ფუნტზეა, რომლის მოძიებას მილანელები უახლოეს პერიოდში შეეცდებიან.

„ნერაძური“ არგენტინელი ცენტრფორვარდის, მაურო იკარდის გასხვისებას გეგმავს. „ჯუზეპე მეაცას“ ბინადრებს იმედი აქვთ, რომ 26 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ მიღებული თანხა ლუკაკუს ტრანსფერის გასაჩარხად საკმარისი იქნება.

რომელუ „მანჩესტერის“ ღირსებას 2017 წლიდან იცავს. „წითელი ეშმაკების“ რიგებში მან 96 შეხვედრა ჩაატარა და 42 გოლი შეაგდო. თუმცა განვლილი სეზონი საშინლად ჩაატარა და მანკუნიანელთა ქომაგების კრიტიკის ქარცეცხლში რამდენჯერმე გაეხვა. რაც შეეხება იკარდის, არგენტინელს „ინტერში“ სერიოზული პრობლემები აქვს და პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ზაფხულში ნავსაყუდელს გამოიცვლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები