კაშია:''გაიმარჯვებს ის, ვინც კონკრეტული მატჩისთვის უკეთ მოემზადება''
Aa
Aa

კაშია:''გაიმარჯვებს ის, ვინც კონკრეტული მატჩისთვის უკეთ მოემზადება''

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ''საბურთალო'' ტირასპოლის ''შერიფს'' შეხვდება. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა ნიონში შედგა, სადაც თბილისური კლუბის აღმასრულებელი დირექტორი კახა კაშია იმყოფებოდა. CrystalSport-ი კაშიას შვეიცარიაში დაუკავშირდა. მან საუბარი კენჭისყრის შეფასებით დაიწყო.

კახა კაშია:''ცხადია მეტოქის ვინაობა ჩვენს სურვილზე არ იყო დამოკიდებული. ჩვენ ახალგაზრდა კლუბი ვართ და ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობას პირველად ვიღებთ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მხრივ ''საბურთალო'' გამოუცდელი კლუბია, მაგრამ ჩვენ, როგორც ხელმძღვანელები, ასევე გუნდის ფეხბურთელები წარმატების მისაღწევად მაქსიმუმს გავაკეთებთ.

ჩვენი გუნდის ფეხბურთელები დიდი ხანია ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადებიან, მაქსიმუმს გავაკეთებთ, დანარჩენი კი მოედანზე გაირკვევა, გაიმარჯვებს ის, ვინც კონკრეტული მატჩისთვის უკეთ მოემზადება.

''შერიფი'' მრავალი წელია ევროტურნირებზე მონაწილეობს, გამოცდილი კლუბია.''

-  რამდენად მოსალოდნელია ''საბურთალოს'' გაძლიერება ''შერიფთან'' შეხვედრამდე?

- კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. ჩვენ გაძლიერებაზე მანამდეც ვფიქრობდით, ახლაც ვფიქრობთ და მომავალშიც ვიფიქრებთ. გაძლიერება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. 

- ''შერიფის'' ერთ-ერთი ხელმძღვანელი ქართველი ვაჟა თარხნიშვილია. შეხვდით მას ნიონში?

ვაჟა თარხნიშვილი კენჭისყრაზე არ იმყოფებოდა, ნიონში ''შერიფის'' სხვა წარმომადგენლებს შევხვდით, რომლებთანაც სამუშაო შეხვედრა უკვე გავიარეთ და კონკრეტულ დეტალებზე შევთანხმდით. პირველი მატჩი 10 ივლისს მოლდოვაში გაიმართება, საპასუხო შეხვედრა კი 17 ივლისს ''მიხეილ მესხზე.''

მინდა თქვენი საშუალებით ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს სტადიონზე მოსვლისკენ მოვუწოდო, ამ ეტაპზე ქართულ ფეხბურთში ბევრი დადებითი ძვრებია. დღეს რაც ფეხბურთს აკლია, ესაა მაყურებელი. რეჟისორმა რაც არ უნდა კარგი სპექტაკლი დადგას, მაყურებლის გარეშე წარმოუდგენელია სანახაობა შედგეს. ასე რომ ფეხბურთში მაყურებლის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას ვთხოვ გვერდში დაუდგეს არამხოლოდ ''საბურთალოს,'' არამედ ყველა ქართულ კლუბს, რომლებიც საქართველოს სახელით ევროპულ ტურნირებზე გამოდიან.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ''საბურთალოს'' სავარაუდო მეტოქეები ბრატისლავას ''სლოვანი,'' ''ყარაბაღი,'' ''დუდელანჟი,'' გლაზგოს ''სელტიკი'' და ტირასპოლის ''შერიფი'' იყვნენ.

1999 წლის 20 აგვისტოს დაარსებული თბილისური კლუბი ევროპულ ტურნირზე პირველად იასპარეზებს.

''საბურთალო'' 2018 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა.

მოამზადა დიმა შარიქაძემ

ფოტო: fcsaburtalo.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები