Diario Gol – „რეალი“ სადიო მანეს ტრანსფერის თაობაზე „ლივერპულს“ დაუკავშირდა
Aa
Aa

Diario Gol – „რეალი“ სადიო მანეს ტრანსფერის თაობაზე „ლივერპულს“ დაუკავშირდა

მადრიდის „რეალს“ მომდევნო სეზონში დიდი გეგმები აქვს. მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის დანიშვნის შემდეგ „სამეფო კლუბმა“ რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა და მიღწეულზე გაჩერებას ნამდვილად არ აპირებს.

ფრანგ სპეციალისტს კრისტიან ერიქსენის, პოლ პოგბასა და სადიო მანეს შეძენა სურს. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით Diario Gol საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ესპანური გამოცემის ცნობით „ლოს ბლანკოსის“ წარმომადგენლები „წითლებს“ დაუკავშირდნენ და მათთან სენეგალელის შესაძლო ტრანსფერი განიხილეს.

Diario Gol იტყობინება, რომ „მერსისაიდელთა“ თავკაცი, იურგენ კლოპი თანახმაა 27 წლის შემტევს შეელიოს, თუ სანაცვლოდ 40 მილიონ ევროსა და მარკო ასენსიოს მიიღებს. გერმანელი სპეციალისტი ბევრს ითხოვს, მაგრამ წესითა და რიგით "რეალისთვის" ეს გადაულახავ ბარიერად არ უნდა იქცეს.

შეგახსენებთ, რომ მანემ 2018-19 წლების სეზონი ფენომენალურად ჩაატარა. სენეგალელმა 50 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 26 გოლთან ერთად 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. იგი „ლივერპულის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო და „სამეფო კლუბის“ ინტერესი გასაკვირი არავისთვის ყოფილა. მანეს „ენფილდელებთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს და მისი ტრანსფერი იაფი რომ არავის დაუჯდება, ესპანური გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც მოწმობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები