კობახიძე:''დინამოს'' დიდი გეგმები აქვს, აქ ყოველ თამაშზე ზეიმია''
Aa
Aa

კობახიძე:''დინამოს'' დიდი გეგმები აქვს, აქ ყოველ თამაშზე ზეიმია''

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზაფხულის პირველი ტრანსფერი განხორციელდა, ამპლუით მცველი მამუკა კობახიძე ქუთაისის ''ტორპედოდან'' ბათუმის ''დინამოში'' გადავიდა. ინფორმაცია აჭარული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

26 წლის ცენტრალური მცველი, რომელსაც გია გეგუჩაძესთან ''ზესტაფონში'' უმუშავია, ბათუმის ''დინამოს'' ღირსებას 2021 წლის ბოლომდე დაიცავს.

პრესკონფერენციაზე მამუკა კობახიძემ და ასლან ბალაძემ ისაუბრეს.

- როგორ შეაფასებდით თქვენს ტრანსფერს ბათუმის ''დინამოში''?

მამუკა კობახიძე:''ტრანსფერს დადებითად შევაფასებ, რადგან კლუბი ევროტურნირების საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის. ძალიან კარგი გუნდია. ''დინამოს'' ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს, გია გეგუჩაძესთან ნამუშევარი მაქვს. რაც შეეხება გულშემატკივარს, თქვენც კარგად ხედავთ, ყოველ თამაშზე ზეიმია.''

- რამდენწლიანი კონტრაქტი გაფორმდა?

ბათუმის ''დინამოს'' სპორტული დირექტორი ასლან ბალაძე:''ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გაფორმდა, რომელიც შემდეგ გადაიხედება, რაც დამოკიდებული იქნება მამუკაზე და ჩვენი გუნდის წინსვლაზე. ჩვენ ძალიან დიდი გეგმები გვაქვს და კონტრაქტები, რომლებიც არსებობს, სამომავლო გეგმებიდან გამომდინარეა შედგენილი.''

მამუკა კობახიძე:''ჩემი ტრანსფერის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სწორედ ის სამომავლო გეგმებია, რომლებსაც კლუბი მიზნად ისახავს.''

''ზესტაფონისა'' და ქუთაისის ''ტორპედოს'' გარდა კობახიძეს თბილისის ''ლოკომოტივში,'' გორის ''დილაში,'' ''რუსთავში,'' ყაზანის ''რუბინში,'' სარანსკის ''მორდოვიასა'' და ''ნეფტეხიმიკში'' უთამაშია. ასევე 2013 წელს ვლადიკავკაზის ''ალანიას'' შემადგენლობაში ირიცხებოდა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გასულ ტურში კობახიძემ ''ტორპედოს'' შემადგენლობაში უკანასკნელი მატჩი ჩაატარა. ''ჩიხურასთან'' შეხვედრის შემდეგ ''ტორპედოს'' პრესსამსახურმა ფეხბურთელის კომენტარი გაავრცელა:

"პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბიჭებს, ჩემს გუნდელებს. ბევრ გუნდში მითამაშია, მაგრამ ასე კარგად და კომფორტულად თავი არსად მიგრძვნია. გუნდში მოსვლის პირველი დღიდან ერთი დიდი ოჯახი ვართ, რომელმაც ბევრი კარგი და საინტერესო რამ შეჰმატა ეროვნულ ლიგას. სტადიონს მიღმა კი დიდი საძმაკაცო, რომელიც სამუდამოდ დამრჩება.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთელ სამწვრთნელო შემადგენლობას, რომლებთანაც ასევე ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ისინი გუნდიდან წასვლის შემდეგაც ჩემს მეგობრებად დარჩებიან. ძალიან დიდი მადლობა პრესსამსახურს, ბაზაზე და გუნდში მომუშავე მთელს პერსონალს, რომლებიც არ ჩანან, მაგრამ ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ და, რა თქმა უნდა, კახა ჩხეტიანს. ის უპირობოდ ერთ-ერთი ყველაზე კარგი მწვრთნელია, ვისთანაც მიმუშავია. ის დამეხმარა გადაწყვეტილებები ჩემთვის სასიკეთოდ, ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე მიმეღო.

"ტორპედოს" როლი ყოველთვის იყო და იქნება ქართული ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი პატივი და კიდევ უფრო დიდი სიამოვნება იყო ჩემთვის ამ ფორმაციის "ტორპედოს" სახელით მოედანზე გამოსვლა.

და ბოლოს, არ შეიძლება დიდი მადლობა არ გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც მართლა მე-12 მოთამაშის როლს გვისრულებდნენ ყველა თამაშზე. მითამაშია სხვა გუნდებში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც და ამ ქალაქის გულშემატკივარს ყოველთვის გამოვარჩევ. აქ ნამდვილად სხვანაირად და გამორჩეულად უყვართ ზოგადად ფეხბურთი და განსაკუთრებით თავიანთი ფეხბურთელები. მათ ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს 2018 წელს, როგორც მთლიანად გუნდის, ისე ჩემს ინდივიდუალურად მიღწეულ წარმატებებში.

პირველად მიჭირს დამშვიდობება. გუნდიდან როგორც მოთამაშე მივდივარ, კარიერაში ვიწყებ ახალ ეტაპს, ახალი გუნდით და გამოწვევებით, მაგრამ "ტორპედოს" გულშემატკივრად სამუდამოდ ვრჩები. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას და მომავალ შეხვედრამდე. !"

ფოტო: ბათუმის ''დინამოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები