სებალიოსი - ზიდანს:
Aa
Aa

სებალიოსი - ზიდანს: "თქვენთან ერთად მუშაობა არ მსურს"

"პრობლემა არაა ბოს, თქვენთან ერთად მუშაობის გაგრძელება არ მსურს". - ესპანურმა პრესამ დაწერა, თითქოს ეს სიტყვები დანი სებალიოსმა ზინედინ ზიდანს უთხრა. ზოგადად, ახალგაზრდა ნახევარმცველსა და ფრანგ სპეციალისტს შორის იდეალური ურთიერთობა არაა, თუმცა სებალიოსი ამ სიტყვებს უარყოფს და მასთან დაკავშირებით პოსტიც გაავრცელა.

"მინდა, ამ საკითხს ნათელი მოვფინო. იმ ინფორმაციას, რომელიც მედიამ გაავრცელა, არ ვფიქრობ, რომ ყურადღება უნდა მივაქციო. ბოლო პერიოდში, "რეალის" სამწვრთნელო შტაბის არცერთ წევრთან პირადი საუბარი არ მქონია. შესაბამისად, აღნიშნული ფრაზის სისწორეს კატეგორიულად გამოვრიცხავ.

საერთოდ, ვფიქრობ, ამ ტიპის სტატიების წერა არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს და ასეთი ყალბი ახალი ამბების ადგილი მედიაში არაა. მით უმეტეს, მაშინ, როცა ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ვთამაშობ და გუნდთან ერთად წარმატებისთვის ვიბრძვი". - წერს სებალიოსი "ტვიტერზე".

დანი სებალიოსი იტალიაში მიმდინარე ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე იმყოფება და ტურნირის პირველ ტურში სწორედ იტალიას ფანტასტიკური გოლი გაუტანა, თუმცა მისმა გუნდმა 1:3 წააგო.

 

რთული სათქმელია, რამდენად უთხრა სებალიოსმა ზიდანს მსგავსი რამ, თუმცა გამორიცხული ნამდვილად არაფერია, მით უმეტეს, თუკი ამ ორ ადამიანს შორის არსებულ დამოკიდებულებას გავითვალისწინებთ.

22 წლის სებალიოსი "რეალის" შემადგენლობაში 2017 წელს "ბეტისიდან" ჩაირიცხა და მას შემდეგ "ბლანკოსის" სასტარტო თერთმეტეულისთვის იბრძვის. ახალგაზრდა შუახაზელმა ლა ლიგის გასულ გათამაშებაში 23-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.

დანი სებალიოსს "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და თუკი გუნდი მის გაშვებას გადაწყვეტს, სერიოზული ძალისხმევის გაღება დასჭირდება, რადგან ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევროა (!!!), არადა, სააგენტო transfermarkt-ზე მისი ღირებულება 30 მილიონი ევრო გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები