Aa
Aa

"ტოტის ცხოვრება რომაელობისა და „რომას“ გარეშე შეუძლებელია"

ფრანჩესკო ტოტიმ „რომა“ 30-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დატოვა. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ამის შესახებ ოფიციალურად გუშინ გამოაცხადა და სპეციალური პრესკონფერენციაც გამართა.

„ერ პუპონეს“ თქმით, მას არასდროს წარმოედგინა, რომ ეს დღე შეიძლებოდა დამდგარიყო, კლუბიდან წასვლის მიზეზად კი ხელმძღვანელობასთან უთანხმოება დაასახელა.

„ისინი საკუთარ პროექტში არ მომიაზრებდნენ და თავი მასში ჩართულად არასდროს მიგრძვნია. პირველი წელი გასაგებია, მაგრამ როცა მეორე წელსაც იგივე გაგრძელდა, მივხვდი, რომ ჩვენ ერთად ვერ ვიმუშავებდით.

რომი რომია! „რომას“ ფანები კი განსაკუთრებულები და ყველასგან განსხვავებულები არიან, მათ გუნდის მიმართ ისეთი ვნება და სიყვარული აქვთ, რომელიც არასდროს სრულდება. ასე რომ, ჩემი, როგორც გულშემატკივრის, წასვლა ამ კუთხით არაფერს ცვლის და ყოველთვის „ჯალოროსის“ ტიფოზად დავრჩები. თანაც, ეს დამშვიდობება არაა, ეს დროებითი წასვლაა, რადგან ტოტის ცხოვრება რომაელობისა და „რომას“ გარეშე შეუძლებელია.

სიმართლე გითხრათ, არ წარმომედგინა, რომ ოდესმე ამ გუნდიდან წავიდოდი, თუმცა ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება უნდა მიმეღო, სამომავლოდ კი თუკი „რომას“ დავჭირდები, ყოველთვის მზად ვიქნები.

მათ შორის, ეს ჯეიმს პალოტასაც ეხება. ოღონდ, იმ შემთხვევაში თუკი იგი ჩემს პოტენციალსა და შესაძლებლობას ირწმუნებს, რომ „რომასთვის“ სარგებლის მოტანა შემიძლია.

„რომას“ საზიანო გადაწყვეტილებას არასდროს მივიღებ, რადგან ეს გუნდი, თუნდაც ამ მომენტში, ჩემთვის უპირველეს პოზიციაზეა. ორი ძალიან ცუდი დღე შემიძლია დავასახელო - ერთი, როცა თამაშს თავი დავანებე, მეორე კი ახლაა. მერჩივნა, მოვმკვდარიყავი, ვიდრე ეს მომენტი დამდგარიყო“.

ტოტიმ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე განაცხადა, რომ მას ანტონიო კონტესთან შეთანხმება მიღწეული ჰქონდა, თუმცა ხელმძღვანელობა ამ თანამშრომლობის წინააღმდეგ წავიდა და საბოლოოდ „რომაში“ პაულო ფონსეკა დანიშნეს. გარდა ამისა, ვეტერანმა მოთამაშემ უფროსობასთან რამდენიმე ფუნდამენტურ საკითხზე საერთო ენა ვერ გამონახა, რასაც, როგორც პრესა წერს, კონფლიქტიც მოყვა.

ფრანჩესკო ტოტი "რომაში" 1989 წელს მივიდა, კლუბის მაისურით 786 მატჩი ჩაატარა, რაც გუნდში სარეკორდო მაჩვენებელია. მან "გლადიატორებთან" ერთად 2001 წელს იტალიის სერია A მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები