Aa
Aa

ლონდონსა და ჰალეში ფავორიტებმა წარმატებით დაიწყეს

ლონდონის „ქუინზ ქლაბში“ ამავე სახელწოდების მამაკაცთა საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირი დაიწყო, რომლის პირველ წრეში მძიმე ბრძოლის გადატანა მოუხდა მსოფლიოს მე-8 ჩოგან კევინ ანდერსონს.

სამხრეთ აფრიკელი ადგილობრივ კამერონ ნორის დაუპირისპირდა და წაგებული პირველი სეტის შემდეგ მატჩი სათავისოდ შეატრიალა და 4:6; 7:6; 6:4 იმარჯვა, რითაც შემდეგ წრეში ფრანგ ჟილ სიმონზე გავიდა.

თავისი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო მარინ ჩილიჩმა, რომელიც ჩილელ კრისტიან გარინს 6:1; 7:6-ით დაშორდა და შემდეგ რაუნდში დიეგო შვარცმანს დაუპირისპირდება.

დღის ყველაზე საინტერესო აფიშა კი ფერნანდო ვერდასკოსა და დანილ მედვედევის მატჩში იყო. ნიჭიერმა რუსმა თამაში სტაბილურად მაღალ დონეზე ჩაატარა და ვეტერან ესპანელს შანსი არ დაუტოვა - 6:2; 6:4.

ლონდონის პარალელურად ასევე 500-იანი ტურნირი იმართება გერმანიის ქალაქ ჰალეშიც, სადაც პირველ ნომრად როჯერ ფედერერია განთესილი, ხოლო მეორედ - ალექსანდრ ზვერევი.

პირველ დღეს საქმეში სწორედ ზვერევი ჩაერთო და დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა. ადგილობრივთა მთავარმა იმედმა ჰოლანდიელ რობინ ჰაასეს პირველი სეტი მარტივად მოიგო, მეორეში კი არადამაჯერებლად ითამაშა და 2:4 ჩამორჩა, მაგრამ მატჩი მაინც 2 პარტიაში დაასრულა - 6:4; 7:5.

ზვერევის შემდეგი მეტოქე სტივ ჯონსონი იქნება, რომელმაც თავის მხრივ კიდევ ერთი მასპინძელი - ფილიპ კოლშრაიბერი იოლად დაამარცხა - 6:3; 6:3.

საინტერესო ფრანგული შეხვედრა შედგა პიერ-უგო ერბერსა და გაელ მონფილსს შორის. ერბერმა საკუთარ მოწოდებაზე კარგად ითამაშა და მეტოქეს მისი აღების შანსი მხოლოდ ერთხელ მისცა, თავად კი 2 ბრეიკი შეასრულა და 7:6; 6:4 იმარჯვა. ერბერის შემდეგი მოწინააღმდეგე მოლეკერისა და სტახოვსკის შეხვედრაში გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები