Aa
Aa

დრამატული ფინალები ჰერტოგენბოშსა და ნოტინგემში! - ტიტულები რისკესა და გარსიას!

ამერიკელმა ალისონ რისკემ, ჰოლანდიის ქალაქ ჰერტოგენბოშში გამართული ქალთა საჩოგბურთო ტურნირი მოიგო. რისკემ ფინალურ შეხვედრაში ადგილობრივი ფავორიტი, კიკი ბერტენსი, დაამარცხა.

ბერტენსი, რომელიც ამჟამად მსოფლიოს მე-4 ჩოგანია, ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი და ფინალშიც მისთვის ყველაფერი შესანიშნავად დაიწყო. ჰოლანდიელმა პირველი პარტია 6:0 მოიგო.

მეორე სეტიდან რისკემ თამაში შედარებით გამოასწორა და უაღრესად მძიმე ბრძოლაში პარტია, რომლის დროსაც ჯერ ბრეიკით აგებდა, შემდეგ კი 5 ჩემპიონშიფ-პოინტი გადაარჩინა, თავისთვის დაიტოვა.

მესამე სეტშიც თავიდან უპირატესობას ბერტენსი ფლობდა, მაგრამ ამერიკელი მაინც არ გატყდა და მე-12 გეიმში შესრულებული ბრეიკით, შეხვედრა 0:6; 7:6; 7:5-ზე დახურა.

რისკემ კარიერაში მეორე, 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ კი პირველი ტიტული მოიგო, რისთვისაც 250 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და დღეიდან მსოფლიოს 49-ე ჩოგანია.

არანაკლებ საინტერესო გამოდგა ნოტინგემში გამართული ქალთა კიდევ ერთი ტურნირი. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთის წინააღმდეგ კაროლინ გარსია და დონა ვეკიჩი წარსდგნენ.

ხორვატმა პირველი სეტი დამაჯერებლად მოიგო, თუმცა შემდეგი ორი ტაიბრეიკზე დათმო და ტიტული გარსიას დარჩა - 2:6; 7:6; 7:6.

ვეკიჩი ამ ტურნირის 2017 წლის ჩემპიონია, გარსია კი ნოტინგემში პირველად თამაშობდა და კარიერის მე-7 ტიტული მოიპოვა. ფრანგმა უშუალოდ ბალახის საფარზე მეორე ჩემპიონობა იზეიმა.

ქალთა საჩოგბურთო ელიტა მიმდინარე კვირას ბირმინგემსა და მალიორკაში, ასევე ბალახის სფაარზე გადაინაცვლებს. 5-თვიანი პაუზის შემდეგ კორტზე მარია შარაპოვა ბრუნდება, რომელიც სწორედ მალიორკაში გასამართ ტურნირზე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები