Aa
Aa

ბასილაშვილის მომდევნო მეტოქემ შტუტგარტის ტურნირი ბრწყინვალე სტილში მოიგო

შტუტგარტში გამართული მამაკაცთა 250-იანი საჩოგბურთო ტურნირი მატეო ბერეტინის ტრიუმფით დასრულდა. 23 წლის იტალიელმა ტურნირი სეტის წაუგებლად ჩაატარა და კარიერაში მე-3 ტიტული მოიპოვა.

ბერეტინიმ ფინალამდე ნიკ კირგიოსი, მიომირ კეჩმანოვიჩი, დენის კუდლა და იან-ლენარ შტრუფი დაამარცხა, გადამწყვეტ მატჩში კი ახალი თაობის კიდევ ერთ იმედისმომცემ წარმომადგენელ ფელიქს ოჟე-ალიასიმს შეხვდა.

აპენინელმა პირველ სეტში ერთადერთი ბრეიკი იოლად შეინარჩუნა, მეორე პარტიაში კი ტაიბრეიკზე ორმაგი სეტ-პოინტი მოიგერია, საბოლოოდ კი სუპერდაძაბულ ბრძოლაში 13:11 იმარჯვა და თამაში 2 სეტში დახურა - 6:4; 7:6.

აღსანიშნავია, რომ ბერეტინიმ მთელი ტურნირის განმავლობაში საკუთარ მოწოდებაზე ფანტასტიკურად ითამაშა და ის არცერთხელ არ დაუკარგავს, 5 შეხვედრის ჯამში კი მეტოქეებს მხოლოდ 2 გამოუყენებელი ბრეიკ-პოინტი მისცა. ბრწყინვალე ფორმაში მყოფი იტალიელი მიმდინარე კვირაში ჰალეს ტურნირზე ითამაშებს და პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილს შეხვდება.

მატეო ბერეტინი პირველი ჩოგბურთელია, რომელმაც მიმდინარე სეზონში ATP-ს ტურნირების ნახევარფინალში სამ სხვადასხვა საფარზე გააღწია. მან შტუტგარტში გამარჯვებისთვის 117 050 ევრო და 250 სარეიტინგო ქულა მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები