საქართველოს პრეზიდენტი - სპორტი ქვეყნის ჯანსაღი სახეა
Aa
Aa

საქართველოს პრეზიდენტი - სპორტი ქვეყნის ჯანსაღი სახეა

საქართველოს პრეზიდენტმა მინსკში გამგზავრებამდე ქართველ სპორტსმენებს უმასპინძლა და მნიშვნელოვან ასპარეზობებში წარმატება უსურვა. 21 ივნისს საქართველოს პრეზიდენტი მინსკში მეორე ევროპული თამაშების გახსნის ცერემონიას თავადაც დაესწრება და ქართველ სპორტსმენებს ადგილზე უგულშემატკივრებს.

,,თქვენ წარმატებულ დარგს - ქართულ სპორტს წარმოადგენთ. საქართველო დღეს მსოფლიოში ცნობილია თავისი სპორტსმენებით, ეს იმიტომ რომ თქვენ ბევრი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ჩამოუტანეთ საქართველოს. დიდი იმედი მაქვს, რომ მინსკშიც გვასახელებთ და ამის სანახავად მეც ვიქნები თქვენთან ერთად და მხარს დაგიჭერთ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ იყოთ ძალიან წარმატებულები. სპორტი უფრო მეტია, ვიდრე თვითონ სპორტის სხვადასხვა სახეობები. სპორტი ქვეყნის ჯანსაღი სახეა და ეს პატარა ქვეყნისათვის, რომელსაც ძალიან სჭირდება ცნობადი იყოს, დადებითი ცნობადობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კი თქვენი დამსახურებაა და ამისათვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, მადლობას გიხდით. მე და მთელი საქართველო ძალიან ამაყი ვართ თქვენი წარმატებით. გისურვებთ დიდ წარმატებებს მინსკში და ვიცი, რომ თქვენ ამას შეძლებთ!"- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა მიღებაზე.

პრეზიდენტ ზურაბიშვილს ჩვენი სპორტსმენები წარუდგინა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. მან მადლობა გადაუხადა ქვეყნის მეთაურს მიღებისთვის და გამოთქვა რწმენა, რომ მეორე ევროპული თამაშებიდან საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ღირსეული შედეგით დაბრუნდება.

სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელმა ნინო სალუქვაძემ, საქართველოს გუნდის სახელით, მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ასპარეზობის წინ თითოეულ სიტყვას, გამხნევებასა და დარიგებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს ევროპულ თამაშებზე 61 სპორტსმენი წარადგენს, სხვადასხვა ასპარეზობებში კი მონაწილეობას 50 ქვეყნის 4 ათასი სპორტსმენი მიიღებს.

ცხელი ამბები