იოზილის ტრანსფერი რეალურია - ''არსენალში'' ახალ სახეებს ელიან
Aa
Aa

იოზილის ტრანსფერი რეალურია - ''არსენალში'' ახალ სახეებს ელიან

საფეხბურთო კლუბი ლონდონის ''არსენალი'' მიმდინარე ზაფხულში მესუთ იოზილის გაყიდვას გეგმავს, რაც ''მეთოფეების'' ტრანსფერების განხორციელებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს გაზრდის. ამჟამად ლონდონელთა მთავარ მწვრთნელ უნაი ემერის ახალი ფეხბურთელების შესაძენად 45 მილიონი ფუნტი სტერლინგი გამოუყვეს, მაგრამ თუ იოზილი გაიყიდება, ''არსენალი'' სატრანსფერო ბაზარზე უფრო აქტიური გახდება.

წარუმატებელი სეზონის შემდეგ უნაი ემერი გუნდის განახლებას გეგმავს, რაც ლოგიკურია იქიდან გამომდინარე, რომ ჩრდილოლონდონურმა გუნდმა ზედიზედ მესამე სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა, რასაც ევროპა ლიგის ფინალში ლონდონის ''ჩელსისთან'' მარცხი დაერთო.

ცნობილია, რომ ''არსენალი'' დენი უელბეკმა, აარონ რემსიმ და შტეფან ლიხშტაინერმა დატოვეს. სამივე მათგანი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემშვიდობა, რაც ნიშნავს, რომ ინგლისურ კლუბს მათ სანაცვლოდ ფინანსური სარგებელი არ მიუღია.

Sun-ის ცნობით ემერის სურს იოზილმა გუნდი დატოვოს. გუნდიდან იოზილის წასვლის ერთ-ერთი მიზეზი მისი ხელფასია. გერმანელი ყოველწლიურად 18,2 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებს, ყოველკვირეული ხელფასის სახით კი 350 000 ფუნტ სტერლინგს იღებს. 2018-19 წლების სეზონში იოზილმა სასტარტოში 28 მატჩი ჩაატარა, 7 შეხვედრაში კი თამაშის მიმდინარეობისას ჩაერთო თამაშში. ყველა ტურნირის ჩათვლით იოზილმა მხოლოდ 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა, რაც ასეთი მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელისთვის ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები