Aa
Aa

ბრაზილიამ ''კოპა ამერიკა'' გამარჯვებით დაიწყო - ევერტონის ბრწყინვალე გოლი!

ბრაზილიაში კოპა ამერიკის 2019 წლის გათამაშება დაიწყო. ტურნირის პირველ მატჩში ''სელესაომ'' კოუტინიოს დუბლითა და ევერტონის გოლით ბოლივია დაამარცხა. შეხვედრა სან-პაულუში ''მორუმბიზე'' გაიმართა.

პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა. 50-ე წუთზე კოუტინიომ პენალტის ნიშნულიდან ანგარიში გახსნა, ტიტეს გუნდი დაწინაურდა.

აღსანიშნავია, რომ პენალტის დანიშვნისას მთავარმა მსაჯმა ვიდეო რეფერის სისტემა გამოიყენა. VAR-ის დახმარებით არგენტინელმა ნესტორ პიტანამ ნათლად დაინახა, რომ რიშარლისონის გადაცემისას ბურთი ხელზე ბოლივიელ ადრიან ჟუსინოს მოხვდა.

53-ე წუთზე ბრაზილიამ მეორე გოლი შეაგდო, მასპინძელთა კომბინაცია კოუტინიოს თავური დარტყმით დასრულდა და სამწუთიან მონაკვეთში ბოლივიელებმა 2 გოლი გაუშვეს.

მესამე გოლი ევერტონის ანგარიშზეა, 85-ე წუთზე მან შესანიშნავად იმოქმედა, ძლიერი და ზუსტი დარტყმით მეკარეს შანსი არ დაუტოვა და ბრაზილიამ 3:0 მოიგო.

ბრაზილიის ნაკრებმა ბოლივიასთან შემდეგი შემადგენლობით ითამაშა

23 წლის ევერტონს მთელი პროფესიული კარიერა ''გრემიოში'' აქვს გატარებული. სამხრეთამერიკელი შემტევი ''სელესაოში'' 2018 წლიდან თამაშობს, ეროვნულ გუნდში მე-7 მატჩი ჩაატარა და პირველი გოლი ბოლივიას შეუგდო.

ევერტონი თამაშში 81-ე წუთზე ჩაერთო, როცა მოედანი ''აიაქსის'' ფეხბურთელმა დავიდ ნერეშმა დატოვა. მოედანზე გამოსვლიდან ოთხ წუთში ევერტონმა ბრწყინვალე გოლით გამოიჩინა თავი.

ბრაზილია შემდეგი ტურის მატჩს 18 ივნისს ვენესუელასთან გამართავს. შეხვედრა ბაიაში, ''იტაიპავა არენა ფორტე ნოვაზე'' გაიმართება.

რაც შეეხება A ჯგუფის პირველი ტურის მეორე მატჩს, 15 ივნისს ვენესუელა პერუს დაუპირისპირდება. თამაში პორტუ ალეგრიში ''გრემიოზე'' შედგება.

''კოპა ამერიკაზე'' შემდეგი მატჩი 16 ივნისს თბილისის დროით 02:00 საათზე დაიწყება, არგენტინის მეტოქე კარლოს კეირუშის კოლუმბია იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები