ლოთარ მათეუსი:
Aa
Aa

ლოთარ მათეუსი: "კრიშტიანუ რონალდუს სურს ხამესი იუვენტუსში გადავიდეს“

კოლუმბიის ნაკრების ნახევარმცველის, ხამეს როდრიგესის სამომავლო გეგმები ბურუსითაა მოცული. 27 წლის ფეხბურთელმა განვლილი ორი სეზონი იჯარის წესით „ბაიერნში“ გაატარა, თუმცა „რეკორდმაისტერმა“ მისი კონტრაქტის გამოსყიდვა არ ისურვა და ნახევარმცველი „რეალს“ დაუბრუნა.

ხამეს როდრიგესის შენარჩუნება დიდად არც „სამეფო კლუბს“ ხიბლავს და სავარაუდოდ კოლუმბიელს ნავსაყუდელის შეცვლა კიდევ ერთხელ მოუწევს. მისი შეძენით კარლო ანჩელოტის „ნაპოლია“ დაინტერესებული, თუმცა როგორც ირკვევა 27 წლის ფლეიმეიქერს „იუვენტუსიც“ აკვირდება.

„ბაიერნის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ლოთარ მათეუსმა AS-სთან საუბრისას განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს ყოფილი თანაგუნდელის მხარდამხარ უნდა თამაში და „ბიანკონერიმ“ შესაძლოა პორტუგალიელს სურვილი აუსრულოს.

„ხამესს ორი კვირის წინ გავესაუბრე და არ გამოვრიცხავ „იუვენტუსში“ წავიდეს.

კოლუმბიელს კრიშტიანუსთან ახლო ურთიერთობა აქვს და მითხრა, რომ რონალდუს ყოველდღიურად ეკონტაქტება. ხამესმა ისიც დასძინა, რომ ერთ-ერთი საუბრისას კრიშტიანუმ განუცხადა, რომ სურს ხამესი „იუვენტუსში“ გადავიდეს და მასთან ერთად იასპარეზოს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები