MLS-ის სახელფასო მონაცემები:იბრაჰიმოვიჩი, ყაზაიშვილი და სხვები
Aa
Aa

MLS-ის სახელფასო მონაცემები:იბრაჰიმოვიჩი, ყაზაიშვილი და სხვები

MLS-ის ფეხბურთელთა ხელფასების მონაცემები ფეხბურთელთა ასოციაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ სახელფასო შემოსავლით ვაკო ყაზაიშვილი MLS-ში 27-ე ადგილზეა. ბონუსების გარეშე ყაზაიშვილის წლიური შემოსავალი 1 მილიონ 475 004 დოლარს შეადგენს, ბონუსების ჩათვლით ''ვიტესის'' ყოფილი მოთამაშე 1 მილიონ 604 042 დოლარს გამოიმუშავებს.

26 წლის ქართველი შემტევი ''სან ხოსეში'' 2017 წელს გადავიდა. მას შემდეგ MLS-ში 60 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი შეაგდო. მიმდინარე სეზონში ყაზაიშვილის ანგარიშზე 13 მატჩში 1 გოლია.

მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების საუკეთესო სამეული ასე გამოიყურება: 1. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (ლოს-ანჯელეს გალაქსი, 7 200 000 დოლარი), 2. მაიკლ ბრედლი (ტორონტო, 6 000 000 დოლარი), 3. ბასტიან შვაინშტაიგერი (ჩიკაგო, 5 600 000 დოლარი). ხელფასები მოცემულია საბონუსე სისტემის გარეშე.

რაც შეეხება ''სან ხოსეს'' ქართველ მცველს, გურამ კაშიას, მისი წლიური შემოსავალი 590 000 დოლარს შეადგენს. მის კონტრაქტში საბონუსე სისტემის პუნქტი არაა ჩადებული.

31 წლის გურამ კაშია ''ვიტესიდან'' ''სან ხოსეში'' 2018 წლის ზაფხულში გადავიდა. გამოცდილმა ქართველმა ფეხბურთელმა 2018 წლის სეზონში MLS-ში 12 მატჩი ჩაატარა, მიმდინარე სეზონში კი ტრავმის გამო მხოლოდ ექვს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

აღნიშნული სტატისტიკა 2019 და 2020 წლის საფეხბურთო სეზონებს მოიცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები