''დერბის'' მფლობელი ლამპარდს არ უშვებს - რედნაპის აზრით ფრენკი გამოწვევისთვის მზადაა
Aa
Aa

''დერბის'' მფლობელი ლამპარდს არ უშვებს - რედნაპის აზრით ფრენკი გამოწვევისთვის მზადაა

''დერბი ქაუნთის'' მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლამპარდი მზადაა ლონდონის ''ჩელსიში'' დაბრუნდეს მას შემდეგ რაც ''იუვენტუსმა'' სარის თაობაზე ''ჩელსისთან'' შეთანხმებას მიაღწია. TheSun-ის ცნობით იტალიელი სპეციალისტის ლონდონური კლუბიდან წასვლის საკომპენსაციო თანხა 7 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

''დერბი ქაუნთის'' მფლობელმა მენ მორისმა TalkSport-თან ლამპარდის შესახებ ისაუბრა:''ერთ დღეს შესაძლოა ფრენკი ''ჩელსის'' მთავარი მწვრთნელი გახდეს, ეჭვი არ მეპარება, რომ ერთ დღეს ლამპარდი''ჩელსის'' მთავარი მწვრთნელი გახდება, თუმცა იმედი მაქვს ''ჩელსის'' მაშინ აირჩევს, როცა ლონდონურ კლუბში წასვლა წარმატებებს მოუტანს. ახლა ჩვენ ლამპარდის შენარჩუნება გვსურს.''

ლამპარდის გარდა ''ჩელსის'' მთავარი მწვრთნელობის კანდიდატები რალფ რანგნიკი და ჟოზე მოურინიო არიან. პორტუგალიელი სპეციალისტი მზადაა ''არისტოკრატების'' მთავარი მწვრთნელი მესამედ გახდეს.

''ტოტენჰემისა'' და ''პორტსმუნთის'' ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ჰარი რედნაპის განცხადებით ლამპარდი ''ჩელსის'' გაწვრთნისთვის მზადაა.

ჰარი რედნაპი:''ლამპარდი ''ჩელსის'' გაწვრთნისთვის მზადაა. თუ ფრენკი ''ჩელსის'' წინადადებას მიიღებს, შეთავაზებას დადებითად უნდა უპასუხოს. ის ამ გამოწვევისთვის მზადაა. მას კარგად ესმის ფეხბურთი, ძალიან ჭკვიანი ბიჭია, მიზანდასახული. ის ყოველდღე მუშაობს წარმატების მისაღწევად.

''ჩელსიში'' მისვლისას ტრანსფერებს ვერ განახორციელებს, თუმცა გუნდში ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია. გუნდიდან აზარი წავიდა, რაც დიდი დანაკლისია, თუმცა გუნდში ფანსტასტიკური ფეხბურთელები, ჰადსონ-ოდოი, ტამი აბრაამი და მეისონ მაუნტი ირიცხებიან. ლამპარდს მოსწონს მაუნტი.''

40 წლის ფრენკ ლამპარდი 2018 წლის მაისიდან მოყოლებული ''დერბი ქაუნთის'' მთავარი მწვრთნელია. გასულ სეზონში პრემიერლიგაში აღზევებასთან ლამპარდის გუნდს ერთი ნაბიჯი დააკლდა, ''ვერძები'' ფლეი-ოფის ფინალში ''ასტონ ვილასთან'' დამარცხდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები