Sport - დე ლიხტი და ბარსელონა! მიზეზი, რომლის გამოც
Aa
Aa

Sport - დე ლიხტი და ბარსელონა! მიზეზი, რომლის გამოც "ბლაუგრანამ" ტრანსფერი ვერ გაჩარხა

მატიის დე ლიხტისთვის ნამდვილი ომია გაჩაღებული. ჰოლანდიელი ახალგაზრდას შეძენა რამდენიმე კლუბს სურს, თუმცა სავარაუდოდ ტრიუმფატორი "პარი სენ-ჟერმენი" იქნება.

დიდი ხანია დე ლიხტის ტრანსფერი უცხოური პრესის განხილვის საგანია. ამჯერად მატიისის შესახებ სტატია კატალონიურმა გამოცემა Sport-მა გამოაქვეყნა და აქცენტი იმ მიზეზზე გააკეთა, რომლის გამოც „ბარსელონა“ 19 წლის მცველის გადაბირებას ვერ მოახერხებს.

***

„ბარსას“ მესვეურები ილუზიებში არ ცხოვრობენ და თვლიან, რომ „კამპ ნოუზე“ დე ლიხტის გადასვლის შანსი ფაქტობრივად აღარ არსებობს. „ბლაუგრანა“ ფეხბურთელის დაკარგვის გამო იმედგაცრუებულია, მაგრამ ხვდება, რომ დე იონგის ტრანსფერის შემდეგ მატიისს სათანადო წინადადებით ვეღარ მიმართავდა. კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა დანებებას მაინც არ აპირებს, თუმცა ვარაუდობს, რომ მიზანს ვერ მიაღწევს.

„ბარსამ“ დე ლიხტისთვის ბრძოლა თებერვალში დაიწყო. „ბლაუგანამ" „აიაქსთან“ შეთანხმებას მიაღწია და ტრანსფერის გასაჩარხად დე ლიხტის დაყოლიებაღა ჰქონდა დარჩენილი. კატალონიელებმა მატიისს ფრენკი დე იონგის მსგავსი კონტრაქტი შესთავაზეს და მზად იყვნენ ხელფასის სახით 6 მილიონი ევრო გადაეხადათ. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს თანხა 5 წლის განმავლობაში ეტაპობრივად გაიზრდებოდა.

მოლაპარაკებების მიმდინარეობისას დე ლიხტი ყოყმანობდა, მაგრამ "ბარსელონამ" სასურველი პასუხი მაინც მიიღო. თუმცა... დროთა განმავლობაში "ბლაუგრანას" ეჭვები გაუჩნდა. დღეები გადიოდა და დე ლიხტი ოფიციალურ თანხმობას აჭიანურებდა. მოლაპარაკებებში ჩართულ წყაროებზე  დაყრდნობით Sport აცხადებს, რომ პრობლემა მაშინ გაჩნდა, როცა მატიისმა „იუვენტუსისგან“ სოლიდური წინადადება მიიღო. 

ტურინელთა შეთავაზებამ ყველაფერი გაართულა. ამ მომენტის შემდეგ ფეხბურთელის გარემოცვამ „ბარსას“ გააქტიურებისკენ მოუწოდა და სთხოვა ახალი შეთავაზება გაეკეთებინა. თუმცა კლუბმა არჩეულ გზას არ გადაუხვია.

გადამწყვეტი მომენტი მაისში დადგა, მინო რაიოლას „პარი სენ-ჟერმენი“ დაუკავშირდა და ასტრონომიული წინადადებით მიმართა - 12 მილიონი ევრო წელიწადში! „ბარსას“ შეთავაზებაზე ორჯერ მეტი! ამის შემდეგ „ბლაუგრანასა“ და დე ლიხტის გარემოცვას შორის კონტაქტი აღარ შემდგარა. 

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინო რაიოლა პარიზში იმყოფებოდა და კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, თუმცა მოგვიანებით აგენტმა ყველაფერი უარყო. მიუხედავად ამისა „კამპ ნოუს“ ბინადრებმა გადაწყვიტეს არაფერი მოემოქმედებინათ.

„ბლაუგრანა“ დე ლიხტის მიმართ პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს. ახლა ყველაფერი ჰოლანდიელზეა დამოკიდებული და ამას კატალონიელები მშვენივრად ხვდებიან. მატიისის სამომავლო გეგმები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა მან „პსჟ-ს“ ბლაუგრანა ამჯობინოს. "კამპ ნოუს" ბინადრების ქომაგთა სამწუხაროდ "ბარსელონა" ფინანსური პოლიტიკის გამო სავარაუდოდ თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო მცველს დაკარგავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები