Aa
Aa

მარადონამ "დორადოსი" დატოვა

ლეგენდარულმა არგენტინელმა დიეგო მარადონამ „დორადოსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. 58 წლის სპეციალისტი მექსიკურ გუნდს ერთი წლის განმავლობაში ედგა სათავეში, თუმცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო იძულებული გახდა საყვარელი საქმიანობის გაგრძელებაზე უარი ეთქვა.

აღნიშნული ინფორმაცია დიეგოს ადვოკატმა გაავრცელა და „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა: „დიეგო მარადონამ გადაწყვიტა „დორადოსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობა შეწყვიტოს. მედიკოსებისგან მიღებული რჩევების შემდეგ იგი გეგმავს საკუთარ ჯანმრთელობას დიდი ყურადღება დაუთმოს. დიეგოს ორ ოპერაციას გაუკეთებენ - მუხლსა და მხარზე. „დორადოსის“ მადლობელები ვართ და ოცნებას მომავალშიც გავაგრძელებთ“.

მარადონა მექსიკური გუნდს 2018 წლიდან წვრთნის. „დორადოსთან“ ერთად იგი პლეიოფში ორჯერ გავიდა, თუმცა უმაღლესი დივიზიონის საგზურის მოპოვება ვერცერთხელ მოახერხა.

„დორადოსის“ პრეზიდენტმა, მარადონას მადლობის წერილი მისწერა და განაცხადა, რომ ლეგენდარული არგენტინელისთვის კლუბის კარი ყოველთვის ღია იქნება. 58 წლის სპეციალისტს „დორადოსიც“ გამოემშვიდობა და „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე აღნიშნა: „ჩვენ მსოფლიო გავაოცეთ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის უფროსო! მალე შევხვდებით“!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები