ის, რისთვისაც გრიზმანს შეიძულებენ - მერყევი კაცის 1 წლიანი ისტორია... ყველაფერი ქრონოლოგიურად
Aa
Aa

ის, რისთვისაც გრიზმანს შეიძულებენ - მერყევი კაცის 1 წლიანი ისტორია... ყველაფერი ქრონოლოგიურად

როგორც მოგეხსენებათ, 12 მაისს ანტუან გრიზმანის სატრანსფერო საგას წერტილი დაესვა და ეს მადრიდის "ატლეტიკოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ხილ მარინმა გააკეთა.

"მე ძალიან ზუსტად ვიცი თუ სად გააგრძელებს კარიერას გრიზმანი და ეს ჯერ კიდევ მარტში ვიცოდი. ის "ბარსელონაში" ითამაშებს“.

ნეიმარის პსჟ-ში გადასვლის შემდეგ, ალბათ გრიზმანის ტრანსფერი ყველაზე გაწელილი და ხმაურიანი იყო.

ფრანგი ფეხბურთელის ირგვლივ მოვლენები მართლაც საინტერესოდ განვითარდა. ითქვა და დაიწერა ბევრი რამ. თავად გრიზმანმაც რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რის გამოც ის „ატლეტიკოსა“ და „ბარსელონას“ ქომაგების ნაწილს სამუდამოდ შესძულდებათ.

მოდით ყველაფერს ქრონოლოგიურად მივყვეთ:

რას წერდა პრესა - რომელი წყარო გამოდგა სანდო და რომელმა იცრუა?

ეს ყველაფერი წელიწადზე მეტია გრძელდება. როგორც ვიცით, გრიზმანმა შარშან „ბარსელონასთვის“ მიცემული თანხმობა დაარღვია და მის მიერ მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებას ვიდეორგოლიც კი მიუღვნა, რამაც კატალონიური კლუბის ქომაგები ძალიან გააღიზიანა. არამარტო ისინი - „ბარსას“ ფეხბურთელები ამ ფაქტმა აღაშფოთა, განსაკუთრებით ეს პიკეზე ითქმის.

წყარო ნომერი პირველი - ყველაზე სანდო ფრანგული L’Equipe გამოდგა. გამოცემა ჯერ კიდევ 2019 წლის 17 მარტს წერდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსთან" 0:3-ის წაგების შემდეგ ანტუან გრიზმანი იმედგაცრუებულია და კლუბის დატოვებაზე ფიქრობს.

15 მაისს ფრანგული გამოცემა უკვე წერს, რომ "ბარსელონასა" და გრიზმანს შორის მოლაპარაკებები "იუვენტუსთან" ჩემპიონთა ლიგაზე დამარცხების შემდეგ დაიწყო და 2019 წლის მარტის მეორე ნახევარში დასრულდა.

წყარო ნომერი ორი - წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ჟერომ როთენი, რომელმაც „მონაკოსთან“ ერთად 2004 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშა, ამჟამად RMC Sport-ის კონსულტანტ, კომენტატორი და ჟურნალისტი გახლავთ, 28 მარტს განაცხადა, რომ 2019 წლის ზაფხულიდან ანტუან გრიზმანი „ბარსელონაში“ ითამაშებდა.

„სანდო წყაროზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ გრიზმანი მომდევნო სეზონიდან „ბარსელონაში“ ითამაშებს“.

წყარო ნომერი სამი - გავლენიანი ესპანელი ჟურნალისტი ფრანცესკ აგილარი 5 აპრილს ირწმუნებოდა, რომ ფრანგ ფეხბურთელსა და "ბარსელონას" შორის შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია.

"ბარსას გრიზმანისგან თანხმობა აქვს მიღებული. მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება.

გრიზმანმა საკუთარ სახლში "ბარსელონას" წარმომადგენელს უმასპინძლა, რომელიც ფრანგულ ენას ფლობდა, რათა მასთან ყველაფერზე გარკვევით ესაუბრა. ხსენებული შეხვედრა ტრანსფერის ბოლო დეტალების შეთანხმებას ემსახურებოდა".

როგორც ხედავთ, ყველაზე სანდო ინფორმაცია L’Equipe-მა გაავრცელა. ასევე აღსანიშნავია ჟერომ როთენისა და ფრანცესკ აგილარის ინფორმაციებიც, რომლებიც თვეების წინ ტრანსფერს პროგნოზირებდნენ.

სხვა ქვეყნების გამოცემებმა და ჟურნალისტებმა კი უამრავი ჭორი დაწერეს, რომლებიც არ გამართლდა. იყვნენ ასევე გამოცემები, რომლებმაც ხსენებული სანდო წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია თავიანთ გვერდზე გადაიტანეს და თავად პროგნოზის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.

ყველაზე საინტერესო ნაწილს მივადექით. გრიზმანი ძალიან მერყევი პიროვნებაა და საკუთარ გადაწყვეტილებას ხშირად ცვლის, რაც ბუნებრივია მის მიმართ ანტიპატიას იწვევს. მივყვეთ ყველაფერს დეტალურად.

როდის რას ამბობდა ანტუანი... ის, რისთვისაც გრიზმანს შეიძულებენ

"ატლეტიკომ" უეფას სუპერ თასზე "რეალი" 4:2 დაამარცხა. ეს აგვისტოს ბოლოს იყო. ამ გამარჯვების შემდეგ გრიზმანმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

“აქ იმიტომ დავრჩი, რომ ძალიან კარგი პროექტი გვაქვს. "ატლეტიკო" და მისი მწვრთნელი ჩემში უდიდეს პატივისცემას და ნდობას იმსახურებენ. არაერთი შემოთავაზება მქონდა. რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდ ხანს ვიფიქრე კიდეც, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი, რომ ჩემი ადგილი დიეგო სიმეონეს ფორმაციის "ატლეტიკოშია". "რეალთან" სუპერ თასის მოგებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ და ჩემს არჩევანს ერთი წამითაც არ ვნანობ".

ამის შემდეგ გრიზმანმა უფრო საინტერესო კომენტარიც გააკეთა. აწ უკვე გასული სეზონის შუაწელს, დეკემბერში როცა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულებული იყო ანტუანმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ პრესასთან კიდევ ერთხელ ისაუბრა:

„ბარსელონასთვის უარის თქმა რთული იყო? დიახ, ძალიან. ბარსას შენი შეძენა სურს და ვიღაც გირეკავს, ესემესს გიგზავნის.

თუმცა მეორეს მხრივ თქვენ თამაშობთ გუნდში, რომელშიც შენ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხარ და ამ გუნდს აქვს კარგი პროექტი შენს ირგვლივ.

ქვეცნობიერად მესის ლეიტენანტად (ჩრდილქვეშ) ყოფნამ ჩემს გადაწყვეტილებაში დიდი როლი ითამაშა.

ჩემმა მეგობრებმა და კლუბის წევრებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ დავრჩენილიყავი. ისინი ჩემთან სასაუბროდ მოვიდნენ და გამოსასყიდი თანხა გაზარდეს.

მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ დაენახებინათ - ეს არის ჩემი სახლი და მე არ უნდა წავსულიყავი.

ეს ნამდვილად რთული დრო იყო ჩემთვის. განსაკუთრებით ჩემი მეუღლისთვის, რომელიც ღამის სამ საათზე გავაღვიძე, რომ ამ თემაზე მასთან მესაუბრა“.

დასკვნა - მერყევი კაცი, რომელსაც ბევრი რამის დამტკიცება მოუწევს

ყველაფერი ნათლად ჩანს - გრიზმანი თავისი გადაწყვეტილებით ნამდვილად ამაყობდა და ამას ყოველ ჯერზე იმეორებდა, როდესაც საშუალება მიეცემოდა.

გავიდა რამდენიმე თვე, მოვიდა თებერვალი და დაიწყო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალები. „ატლეტიკომ“ მადრიდში „იუვენტუსი“ 2:0 დაამარცხა.

სიმეონეს გუნდმა ტურინელები ყველა სათამაშო კომპონენტში დაჯაბნა. ამის შემდეგ ვერავინ იფიქრებდა, რომ ასეთი დონის დაცვის მქონე „ატლეტიკო“ ამ ფორას ვერ შეინარჩუნებდა.

ალბათ, ამ მომენტში გრიზმანი თავისი გადაწყვეტილების სისწორეში ყველაზე მეტად იყო დარწმუნებული და ამით ამაყობდა.

განმეორებით შეხვედრაში მასიმილიანო ალეგრის გუნდმა „როხიბლანკო“ 3:0 გაანადგურა და ტურნირიდან გამოაგდო. ეს იყო მარტის დასაწყისი...

სწორედ მარტში დაიწყო ყველაფერი. გრიზმანი მიხვდა, რომ მან „ბარსასთვის“ უარის თქმით შეცდომა დაუშვა და მთელი ეს ემოციური შეხვედრები და კომენტარები ერთი ხელის მოსმით, უფრო სწორად რონალდუს ჰეთ-თრიკის შემდეგ საპნის ბუშტივით გასკდა.

გრიზმანმა გადაწყვეტილება რეკორდულად სწრაფ დროში შეცვალა და კვლავ „ბარსელონას“ დაუკავშირდა.

რამდენიმე დღის წინ ანტუანმა ასეთი კომენტარი გააკეთა: “ვიცი რომელ კლუბში გავაგრძელებ კარიერას და რა მსხვერპლის გაღება მომიწევს ამისთვის“.

უკვე გასაგებია თუ რას გულისხმობდა გრიზმანი მსხვერპლის გაღებაში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ნაბიჯის შემდეგ ფრანგი ფეხბურთელი „ატლეტიკოსა“ და „ბარსას“ ქომაგების დიდ ნაწილს შესძულდება და ეს გასაკვირი ნამდვილად არ არის.

ეს ტრანსფერი როდესაც გაოფიციალურდება და ეს სავარაუდოდ ძალიან მალე მოხდება, გრიზმანის, "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" 1 წლიანი საგა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს დაიკავებს. კარგი, თუ ცუდი კუთხით? ამ ყველაფერს ხალხი გადაწყვეტს.

როგორ განვითარდება მისი კარიერა და მოიგებს თუ არა ის „ბლაუგრანას“ მილიონობით ქომაგის გულს, ამას უკვე დრო გვიჩვენებს.

P.S. რაც რონალდუმ გრიზმანს გაუკეთა - მსგავსი რამ ძალიან იშვიათია. კრიშტიანუმ მას ყველა ტურნირზე მოუგო და თან ეს ძალიან მტკივნეულად გააკეთა.

რომ არა ის, შესაძლოა გრიზმანის კარიერა ახლა ბევრად დიდი და ტიტულოვანი ყოფილიყო.

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები