Yahoo Sports - ბითაძეს
Aa
Aa

Yahoo Sports - ბითაძეს "პორტლენდი" აირჩევს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წლევანდელი დრაფტი 21 ივნისს გაიმართება. ქართველი ქომაგი ამ დღეს მოუთმენლად ელის. წლეულს დრაფტზე გოგა ბითაძეს აირჩევენ და საინტერესოა ჩვენებური კარიერას რომელ გუნდში გააგრძელებს.

გოგას „ბოსტონში“, „ბრუკლინში“, „ატლანტაში“ და „შარლოტში“ გადასვლას უწინასწარმეტყველებენ. რამდენჯერმე გრეგ პოპოვიჩის „სან ანტონიოს“ ვარიანტმაც გაიჟღერა, თუმცა Yahoo Sports რადიკალურად განსხვავებულ პროგნოზს აკეთებს.

გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ 2019 წლის დრაფტს ვრცელი სტატია მიუძღვნა, რომელშიც ახალგაზრდა კალათბურთელების შესახებ ისაუბრა და მკითხველს საკუთარი მოსაზრება გაანდო.

Yahoo Sports-ის მიხედვით გოგას 25-ე პიკად დემიენ ლილარდისა და სი ჯეი მაკკოლუმის „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“ აირჩევს.

ტერი სტოტსის გუნდმა შარშან ორი უკანახაზელი, ანფერნი სიმონსი და გერი ტრენტ ჯუნიორი აირჩია. მათ გარდა „ტრეილ ბლეიზერსს“ დემიენ ლილარდი, სეთ კარი და სი ჯეი მაკკოლუმი ჰყავს. წინა ხაზს კი გაძლიერება ნამდვილად სჭირდება.

ბითაძის დამატება ურიგო გადაწყვეტილება არ იქნება. გოგას კარგი გაბარიტები აქვს, მოძრავი ცენტრია და შეუძლია მეტოქის დაცვა გაწელოს, რაც სწრაფ ტემპში მოასპარეზე „პორტლენდისთვის“ იდეალური ვარიანტია.- წერს Yahoo Sports.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები