როსბერგი ფეტელს აკრიტიკებს -
Aa
Aa

როსბერგი ფეტელს აკრიტიკებს - "სებასტიანს ჰგონია, რომ ყოველთვის მართალია"

ფორმულა ერთის ყოფილმა ჩემპიონმა, ნიკო როსბერგმა სებასტიან ფეტელი გააკრიტიკა. გერმანელი პილოტი ავტოსპორტის მოყვარულთა ყურადღების ცენტრში კანადის გრან პრიზე დაფიქსირებული ინციდენტის შემდეგ მოექცა.

ფეტელმა ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა, თუმცა 48-ე წრეზე მიღებული ხუთწამიანი ჯარიმის გამო, გამარჯვებულად ჰემილტონი დასახელდა. სებასტიანი ამ გადაწყვეტილებამ გააცოფა. გერმანელმა ბოლიდის პარკირების ადგილზე გაჩერებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ მას გამარჯვება მოპარეს. შემდეგ ბანერი აიღო, რომელზეც პილოტების მიერ დაკავებული პოზიციები გახლდათ გამოსახული და ჰემილტონისთვის განკუთვნილი პირველი ნომერი, თავის ბოლიდს მიაკუთვნა.

ყველაფერი ამით არ დასრულებულა. საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებული სებასტიანი პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავიდა და გულშემატკივრების წინაშე ლუის ჰემილტონის მხარდამხარ წარსდგა.

როსბერგი სწორედ ამ ინციდენტს გამოეხმაურა. მან ფეტელის ქმედებები დაგმო და განაცხადა, რომ სებასტიანი 5 წამიან ჯარიმას იმსახურებდა.

„რბოლაზე კონცენტრაციის მოხდენის ნაცვლად ფეტელი წუწუნს განაგრძობდა, არადა 5 წამის გაბათილება თავისუფლად შეეძლო. ერთ მომენტში იგი უშუალო კონკურენტს 3.3 წამით უსწრებდა და მშვენიერი შანსი ჰქონდა, მაგრამ...

ფეტელს ჰგონია, რომ ყოველთვის მართალია. სებასტიანი თავისი შეცდომების გამო მუდამ სხვებს ადანაშაულებს. რაც შეეხება რბოლის შემდეგ გაკეთებულ კომენტარსა და მის ქმედებებს, ვფიქრობ ეს ყველაფერი უადგილო იყო.

მან უნდა გაანალიზოს, რომ შეცდომა დაუშვა და აუცილებელია სხვების დადანაშაულება შეწყვიტოს. წესებში ყველაფერი გასაგებად წერია და ორი აზრი არაა, რომ ორგანიზატორებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. იგი ჯარიმას ნამდვილად იმსახურებდა“.   

ცხელი ამბები