Aa
Aa

ცონგამ შტუტგარტის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

გერმანიის ქალაქ შტუტგარტში „მერსედესის თასის“ სახელწოდების მამაკაცთა საჩოგბურთო ტურნირი დაიწყო. გათამაშების პირველ დღეს ძირითადი ბადის ორი მატჩი გაიმართა, რომელთაგანაც ერთი სენსაციით დასრულდა.

საქმე გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერისა და სერბ მიომირ კეჩმანოვიჩის შეხვედრას ეხება. ულაპარაკო ფავორიტად შერაცხულმა კოლშრაიბერმა პირველი სეტი დამაჯერებლად მოიგო, რის შემდეგაც კეჩმანოვიჩმა საკუთარ ჩაწოდებაზე თამაში დაალაგა და მეტოქეს მისი აღების შანსი აღარ მისცა, საბოლოოდ კი ეს გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა - 4:6; 7:5; 6:3.

ლოგიკურად დასრულდა ყველაფერი ჟო-ვილფრიდ ცონგასა და მიშა ზვერევის თამაშში. ცონგამ უფროს ზვერევს შანსი არ დაუტოვა და მხოლოდ 3 გეიმი დაუთმო - 6:3; 6:0. ვეტერანი ფრანგი შემდეგ წრეში, დიდი ალბათობით, მილოშ რაონიჩს დაუპირისპირდება, რომელიც ავსტრალიელ კვალიფიკანტ ალექსეი პოპირინს ხვდება.

შტუტგარტში მე-4 ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ რაუნდში ისვენებს, მეორე წრეში კი მარტონ ფუქსოვიჩისა და ხაიმე მუნარის მატჩში გამარჯვებულს ელოდება. ქართველი ამჟამინდელ მსოფლიო რეიტინგში მე-17 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები