კუმანის ჰოლანდია - როგორ გადაჭრა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა გასახდელში არსებული პრობლემები
Aa
Aa

კუმანის ჰოლანდია - როგორ გადაჭრა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა გასახდელში არსებული პრობლემები

ჰოლანდიის საზღვრებს მიღმა ჰენდრი კრუზენისა და ვილბერტ შუფრეინის სახელი ნაკლებადაა ცნობილი. მათ შესახებ „ნარინჯისფრების“ ახალგაზრდა გულშემატკივრებმაც არაფერი იციან, თუმცა რონალდ კუმანს დღემდე ყველაფერი კარგად ახსოვს. აღნიშნული დუეტი რინუს მიხელსს 1988 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჰყავდა წაყვანილი. რატომ? პასუხი მარტივია! ისინი გასახდელში პოზიტიურ ატმოსფეროს ჰქმნიდნენ და თანაგუნდელებზე დადებით გავლენას ახდენდნენ. კრუზენი და შუფრეინი ტურნირზე ბურთს არცერთხელ შეხებიან, მაგრამ სამშობლოში ოქროს მედლებით დაბრუნდნენ.

კუმანი, რომელიც ჰოლანდიის ნაკრების თავკაცის პოსტზე 2018 წელს დაინიშნა, მიხელსის მაგალითს მიჰყვება. 56 წლის რონალდს ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს და ალბათ ყველაზე კარგად მოეხსენება გუნდში არსებული ატმოსფერო წარმატებისკენ მიმავალ გზაზე რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ბევრი თვლიდა, რომ იგი ლუის ვან გაალს 2014 წელს ჩაანაცვლებდა, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს! კუმანმა აუცილებელი ცვლილებები გაატარა და დენი ბლინდის კოლექტივის მიერ დაფიქსირებული კატასტროფული შედეგების შემდეგ სიტუაცია გამოასწორა. 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის და 2018 წლის მუნდიალის მიღმა დარჩენის შემდეგ როგორც იქნა "ნარინჯისფრები" საფეხბურთო ელიტას დაუბრუნდნენ!

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჰოლანდიის ნაკრებში გამოძახება წამების უნიკალურ ფორმას წააგავდა. ფეხბურთელთა უმრავლესობა საკლუბო დონეზე შესანიშნავად ასპარეზობდა, მაგრამ ეროვნულ გუნდში თავის გამოჩენას ვერ ახერხებდა და სამშობლოში დაბრუნებისთანავე ადგილობრივი პრესის ნეგატიურ დამოკიდებულებასთან და ქომაგების მხრიდან წამოსულ კრიტიკასთან უწევდა გამკლავება, რაც ადვილი ნამდვილად არ გახლდათ. ყველაზე მტკივნეული თაობათა ცვლის პროცესი აღმოჩნდა და ამ მონაკვეთში საკუთარი თავის რწმენა „ნარინჯისფრების“ თითქმის ყველა ფეხბურთელმა დაკარგა. გუნდის თავკაცის პოსტზე ახლად დანიშნული კუმანის მთავარი მიზანი ასეთი იყო - მას სურდა მოთამაშეების სახეებზე ღიმილი დაებრუნებინა.

კუმანს უნიკალური კარიერა ჰქონდა. იგი „აიაქსის“, „ფეიენოორდისა“ და „პსვ-ს“ ღირსებას იცავდა და შემდეგ სამივე გუნდის თავკაცი გახლდათ. მან ჰოლანდიური „დიდი ტრიოს“ შიდა სამზარეულოს შესახებ ყველაფერი იცის, თუმცა განსაკუთრებული დამოკიდებულება არცერთი მათგანის მიმართ აქვს. ეს ფაქტი „ევერტონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ყოფნისას შეიძლება არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ ჰოლანდიაში ყველაფერი სხვანაირადაა. 56 წლის სპეციალისტს ენდობიან, რადგან იგი მიკერძოებული არაა და ეს უდიდესი პლუსია.

წარმატებისკენ მიმავალ გზაზე კუმანის პირველი ნაბიჯი ვირჯილ ვან დეიკისთვის კაპიტნის სამკლაურის მიცემა იყო. მისი გადაწყვეტილება გასაკვირი არავისთვის ყოფილა. ვირჯილი რონალდის მსგავსად ცენტრალური მცველი გახლავთ (მართალია კუმანი ლიბეროს პოზიციაზე ასპარეზობდა, მაგრამ ამპლუით ცენტრალური მცველი იყო). ვან დეიკმა ნაკრების თავკაცის მსგავსად კარიერა „გრონინგენში“ დაიწყო და ორივე ლიდერისთვის საჭირო თვისებებით გამოირჩევა. ხსენებული დუეტის წყალობით „ნარინჯისფრები“ ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესირებენ და მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებენ.

გასახდელში მეგობრული ატმოსფეროს დასაბრუნებლად კუმანმა გადაწყვიტა გუნდს საზღვაო კურორტის ნაცვლად უტრეხტის პროვინციაში მდებარე ქალაქ ზეისტში ევარჯიშა. რონალდი ბავშვობაში სწორედ აქ ვარჯიშობდა და თვლის, რომ ეს ადგილი ჰოლანდიური ფეხბურთის აკვანია. „ფეხბურთელები აქ ბედნიერები არიან. ისინი ერთმანეთთან გაცილებით დიდ დროს ატარებენ და მშვენივრად ერთობიან“. - აცხადებს 56 წლის სპეციალისტი.

აღსანიშნავია, რომ კუმანს ძალიან გაუმართლა. ამ ყველაფრის პარალელურად ერიკ ტენ ჰაგის „აიაქსში“ რამდენიმე საკმაოდ პერსპექტიული ფეხბურთელი გამოჩნდა, რომლებიც დღესდღეობით ჰოლანდიის ეროვნული გუნდის ხერხემალს წარმოადგენენ. მატიის დე ლიხტის, ფრენკი დე იონგის და დონ ვან დე ბეეკის დახმარებით „ნარინჯისფრები“ გამართულ ფეხბურთს თამაშობენ. უცნაურია, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ჰოლანდიამ წარმატებას მიაღწია და ამჟამად მოთამაშეებს ეროვნული გუნდის მაისურის მორგება დიდ სიამოვნებას ანიჭებთ.

ხასიათის ფეხბურთელებს, როგორებიც მემფის დეპაი, ქუინსი პრომესი და რაიან ბაბელი არიან, საკუთარი თავის 100 პროცენტით წარმოსაჩენად, დადებითი დამოკიდებულება და პოზიტიური ატმოსფერო სჭირდებათ. კუმანმა მიზნის მისაღწევად ყველაფერი გააკეთა. შეგვიძლია მაგალითად დეპაის სანაკრებო კარიერა ავიღოთ. „მანჩესტერ იუნაიტედში“ განცდილი ფიასკოს შემდეგ მას კრიზისული პერიოდი ჰქონდა და სამშობლოში რეგულარულად აკრიტიკებდნენ. დღესდღეობით კი ყველაფერი სხვანაირადაა. მემფისმა „ლიონში“ თავისი თამაში იპოვა. იგი მოტივირებულია და დარწმუნებულია, რომ ჰოლანდიის ნაკრების თავკაცი მას ბოლომდე ენდობა.

კუმანი რთული ხასიათის მოთამაშეებთან მიმართებით უფრო რბილია, ვიდრე სამწვრთნელო კარიერის სტარტზე იყო. როცა ისეთი გუნდის თავკაცი ხარ, რომელსაც ბოლო 20 წლის განმავლობაში გასახდელში სერიოზული პრობლემები ჰქონდა, ასეთი დამოკიდებულება აუცილებელია. ჰოლანდიამ პროგრესს სწორედ ამის ხარჯზე მიაღწია!

კუმანი რაღაც კუთხით გარეტ საუთგეიტს ჰგავს. წარსულში ორივე სპეციალისტის გუნდს ხშირად აკრიტიკებდნენ და წარმატებას ვერცერთი მათგანი აღწევდა, თუმცა ბოლო პერიოდში ყველაფერი შეიცვალა. ჰოლანდიასა და ინგლისს მხარს აქტიურად უჭერენ, რაც უდავოდ კუმანისა და საუთგეიტის დამსახურება გახლავთ. ორივე გუნდს სრულყოფილებამდე ბევრი აკლია, თუმცა ყველაფერი წინაა!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები