Aa
Aa

"ბოსტონი" დაბრუნდა! ყველაფერი მეშვიდე შეხვედრაში გაირკვევა

ჰოკეის ეროვნულ ლიგაში „სტენლის თასის“ დასასაკუთრებლად დიდი ბრძოლაა გაჩაღებული. გამთენიისას „სენტ ლუისს ბლუზს“ შანსი ჰქონდა საბოლოო წერტილი დაესვა, თუმცა საკუთარ არენაზე „ბოსტონ ბრუინზი“ ვერ დაამარცხა და მეტოქეს სერიაში დაბრუნების საშუალება მისცა.

შეხვედრა სტუმრების კარნახით წარიმართა. ბოსტონელები უფრო მოტივირებულები იყვნენ და ანგარიში სწორედ მათ გახსნეს. მატჩის მეცხრე წუთზე ბოსტონელებმა უპირატესობა გამოიყენეს და მარშანდის გოლის წყალობით დაწინაურდნენ.

პირველ პერიოდში „სენტ ლუისმა“ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ სხვაობის აღმოფხვრა ვერ მოახერხა. მეორე ოცწუთეულში საინტერესო არაფერი მომხდარა. მესამე პერიოდში კი “ენთერპრაიზ სენთერში“ შეკრებილმა გულშემატკივარმა ერთბაშად 5 გოლი იხილა.

„ბოსტონის“ მხრიდან თავი კარლომ და კულმანმა გამოიჩინეს. მათ რაიან ორაილიმ უპასუხა, თუმცა „ბრუინზმა“ კიდევ ორი გოლი შეაგდო და საბოლოოდ 5 – 1 იმარჯვა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ბოსტონელთა კიპერი ტუუკა რასკი გახდა. 32 წლის ფინელი ჩინებულად გაისარჯა და აქტივში 28 სეივი ჩაიწერა. მეორე ვარსკლავი ბრედ მარშანდმა დაისაკუთრა. მესამე ვარსკლავად კი დავიდ პასტრნაკი დაასახელეს.

„სტენლის თასის“ მფლობელის ვინაობა 13 ივნისს გახდება ცნობილი. „ბრუინზს“ ჩემპიონობის მოპოვების კარგი შანსი აქვს და სუპერფინალური სერიის რიგით მეშვიდე შეხვედრას საკუთარ კედლებში ჩაატარებს.

ცხელი ამბები