Aa
Aa

მე-12! რაფაელ ნადალმა როლან გაროსის ფინალში დომინიკ ტიმს შანსი არ დაუტოვა!

ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა დიდი სლემის მე-18 ტიტული პარიზში, „როლან გაროსის“ კორტებზე მოიგო. „მატადორმა“ ტურნირის ფინალურ შეხვედრაში ავსტრიელ დომინიკ ტიმს აჯობა და საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონობა კარიერაში მე-12-ედ მოიპოვა.

ტიმმა თამაში კარგად დაიწყო და პირველ სეტში ბრეიკითაც დაწინაურდა, თუმცა შემდეგ ზედიზედ 4 გეიმი დათმო და სეტიც წააგო, რასაც დაძაბული მეორე პარტია და ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა.

ავსტრიელმა სეტის მოგებას დიდი ძალები შეალია, რამაც ნადალს საქმე კიდევ უფრო გაუადვილა და პირენეელმა ჩვეულ სტილში, ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმა - 6:3; 5:7; 6:1; 6:1.

ავსტრიელმა ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამღლელი 2 დღიანი ბრძოლა გადაიტანა და ესპანელზე 1 დღით ნაკლები დაისვენა, რამაც ფინალურ შეხვედრაზე გავლენა იქონია.

ტიმს გრუნტის საფარზე ნადალი 4-ჯერ ჰყავს დამარცხებული, თუმცა დღეს ესპანელი მოწოდების სიმაღლეზე იყო და მისი დამარცხება უბრალოდ შეუძლებელი გახლდათ.

ნადალმა ATP-ს პროფესიონალურ კარიერაში 82-ე ტიტული მოიგო, ტიმმა კი მასთან „როლან გაროსის“ ზედიზედ მეორე ფინალი დათმო.

33 წლის ესპანელმა წინა წელს პარიზში მოპოვებული ქულები დაიცვა, თუმცა მსოფლიო რეიტინგში ნოვაკ ჯოკოვიჩს კვლავ სოლიდური სხვაობით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები