Aa
Aa

ეშლი ბარტი "როლან გაროსის" გამარჯვებულია! - პირველი სადიდსლემო ტიტული კარიერაში

საფრანგეთის ღია პირველობის 2019 წლის ქალთა თანრიგის გამარჯვებული ავსტრალიელი ეშლი ბარტი გახდა. 23 წლის "ოზმა" ფინალური შეხვედრა, ჩეხ მარკეტა ვონდრუშოვას, საათსა და 10 წუთში - 6:1; 6:3 მოუგო.

ბარტიმ ფინალამდე მხოლოდ 2 სეტი დათმო, ვონდრუშოვა კი გადამწყვეტ მატჩამდე საერთოდ სეტის წაუგებლად მივიდა. ორივე ჩოგბურთელი დიდი სლემის ტურნირის ფინალში პირველად თამაშობდა.

საინტერესო ფაქტია, რომ ვონდრუშოვა მარცხენა ხელით მოთამაშე მეორე გოგონაა, რომელმაც "როლან გაროსის" ფინალში გააღწია, პირველი ასეთი მისივე თანამემამულე, ლუსი შაფარჟოვა გახლავთ - შაფარჟოვამ 2015 წელს ფინალური მატჩი სერენა უილიამსთან წააგო.

19 წლის ვონდრუშოვა თამაშში ცუდად შევიდა, რამაც პირველი სეტის ბედის გადაწყვეტა განაპირობა, რასაც ასევე ცუდად დაწყებული მეორე პარტია და ფინალის არასაფინალო ანგარიშით წაგება მოჰყვა. 

ეშლი ბარტიმ ერთეულთა შორის კარიერაში დიდი სლემის პირველი ტიტული მოიგო, რისთვისაც 2000 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა და მომავალი კვირიდან მსოფლიოს მე-2 ჩოგანი გახდება.

2011 წლის ამერიკის ღია პირველობაზე სემ სტოსურის ტრიუმფის შემდეგ ბარტი პირველი ავსტრალიელია, რომელმაც დიდი სლემის ტურნირის ჩემპიონობა მოიპოვა. მას ჯილდო ლეგენდარულმა თანამემამულემ, როდ ლეივერმა გადასცა. 

ასევე აღსანიშნავია, რომ უშუალოდ "როლან გაროსი" ავსტრალიელ ჩოგბურთელს 1973 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები