კევინ დურანტი მეოთხე შეხვედრას გამოტოვებს
Aa
Aa

კევინ დურანტი მეოთხე შეხვედრას გამოტოვებს

NBA-ის მოქმედ ჩემპიონ „გოლდენ სტეიტს“ სუპერფინალური სერიის რიგით მეოთხე შეხვედრის ჩატარება კევინ დურანტის გარეშე მოუწევს. აღნიშნული ინფორმაცია „უორიორზის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კერმაც დაადასტურა.

„კეიდიმ“ „ჰიუსტონთან“ დაპირისპირებაში წვივის კუნთის ტრავმა მიიღო, რომელიც გაცილებით მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე „გოლდენ სტეიტის“ სამედიცინო შტაბი ელოდა. ამერიკულ პრესაში ჩამოყალიბდა თეორია, რომ 30 წლის მსუბუქ ფორვარდს „ტორონტოსთან“ ჯახში პარკეტზე საერთოდ ვერ ვიხილავთ და ოკლენდელები უბრალოდ მეტოქეზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ.

დურანტის არყოფნა უდავოდ დიდი პრობლემაა, თუმცა Yahoo „ოქროს შტატელთა“ ქომაგთათვის სასიხარულო ინფორმაციასაც ავრცელებს. ამერიკული გამოცემა აცხადებს, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, კლეი ტომპსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და 29 წლის მსროლელი მცველი მეოთხე შეხვედრაში მოედანზე იქნება.

სუპერფინალურ სერიაში ანგარიში ჯერჯერობით „ტორონტოს“ მიჰყავს და 2-1-ს იგებს. „გოლდენ სტეიტს“ ჩამორჩენის აღმოფხვრის საშუალება 8 ივნისს მიეცემა, როცა „რეპტორზს“ „ორაქლ არენაზე“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები