Aa
Aa

გოგონა-სენსაცია! - 17 წლის ამერიკელმა "როლან გაროსი" მოქმედი ჩემპიონის გარეშე დატოვა!

17 წლის ამერიკელი, ამანდა ანისიმოვა, საჩოგბურთო სამყარო გაოცებას აგრძელებს და უკვე "როლან გაროსის" 4 საუკეთესო მოთამაშეს შორის თამაში გაინაღდა. ანისიმოვამ ტურნირიდან გასული წლის ჩემპიონი - სიმონა ჰალეპი გამოთიშა და ტურნირის 1/2 ფინალში სეტწაუგებლად გავიდა.

თინეიჯერმა ამერიკელმა მატჩი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და მსოფლიოს ამჟამინდელ მე-3 ჩოგანს 2 სეტში - 6:2; 6:4 მოუგო. ანისიმოვამ პირველსა და მეორე მოწოდებაზე ბრწყინვალედ ითამაშა და ორივეზე ქულათა 65% მოიგო, პირველზე - 48-დან 31 ქულა, ხოლო მეორეზე - 17-დან 11 ქულა.

ამანდა ანისიმოვა 2000 წლის შემდეგ დაბადებული პირველი ჩოგბურთელია, რომელმაც დიდი სლემის ტურნირის მეოთხედფინალში გააღწია, ახლა კი მან მაჩვენებელი გააუმჯობესა და საერთოდ ნახევარფინალში ითამაშებს. ამასთანავე, იგი ვენუს უილიამსის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ამერიკელი გოგონაა, რომელმაც დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალში გასვლა შეძლო - ვენუსმა 1997 წელს ამერიკის ღია პირველობის ფინალში ითამაშა.

დღის მეორე შეხვედრა მსოფლიოს მე-8 ჩოგან ეშლი ბარტისა და მე-14 ჩოგან მედისონ კიზს შორის ჩატარდა. ბარტიმ პირველ სეტში საკუთარ მოწოდებაზე უშეცდომოდ ითამაშა და პარტია 1 ბრეიკით - 6:3-ზე დახურა, მეორე სეტში კი გადამწყვეტი სიტყვა მე-11 გეიმში თქვა, როცა მეტოქის ჩაწოდება აიღო, საბოლოოდ 6:3; 7:5 იმარჯვა და დიდი სლემის ტურნირის 1/2 ფინალში პირველად გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები