Aa
Aa

სტეფ კარის 47-მა ქულამ "გოლდენ სტეიტი ვერ იხსნა, "ტორონტო" წინ გაიჭრა

გამთენიისას NBA-ის სუპერფინალური სერიის რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა. "ორაქლ არენაზე" კავაი ლეონარდმა და კომპანიამ დამაჯერებლად, 123 – 109 იმარჯვეს და საშინაო კედლების უპირატესობა დაიბრუნეს.

კანადელებმა მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარეს და კომფორტულ ჰანდიკაპს მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ. კევინ დურანტისა და კლეი ტომპსონის გარეშე მოასპარეზე „გოლდენ სტეიტმა“ თამაშში გარდატეხის შეტანა რამდენჯერმე სცადა, თუმცა „უორიორზის“ გაქცევებს ნიკ ნერსის გუნდი სათანადოდ პასუხობდა.

„მეომრებს“ ვერც სტეფ კარის ფენომენალურმა გამოსვლამ უშველა. „ოქროს ბიჭუნამ“ პირადი რეკორდი გაიფორმა და პლეიოფში 47 ქულა პირველად ჩააგდო. თუმცა ოკლენდელთა სასტარტო ხუთეულის დანარჩენმა წევრებმა მხოლოდ 36 ქულა დააგროვეს და თავი არც სათადარიგო სკამზე მყოფ მოთამაშეებს გამოუჩენიათ.

კარი NBA-ის ისტორიაში მეცხრე კალათბურთელი გახდა, რომელმაც ფინალურ სერიაში 45 ქულაზე მეტის ჩაგდება მოახერხა. აქამდე მსგავსი რამ ელჯინ ბეილორს, რიკ ბერის, ლებრონ ჯეიმსს, მაიკლ ჯორდანს, ჯერი ვესტს, ბობ პეტის, ალენ აივერსონს და უილტ ჩემბერლენს ჰქონდათ გაკეთებული.

„გოლდენ სტეიტის“ რიგებში კარის გარდა 10 ქულიანი ნიშნული ორად ორმა კალათბურთელმა გადალახა. დრეიმონდ გრინმა აქტივში 17 ქულა, 7 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. ანდრე იგუდალამ კი გუნდს 11 ქულა შესძინა.

„უორიორზისგან“ განსხვავებით „ტორონტოს“ სასტარტო ხუთეულმა შესანიშნავად იასპარეზა. „რეპტორზს“ 30 ქულით კავაი ლეონარდმა ულიდერა. კაილ ლოურიმ 23 ქულასა და 9 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. დენი გრინმა 6 სამქულიანი ჩააგდო და 18 ქულა გაიფორმა. პასკალ სიაკამი ასევე 18 ქულით გამოირჩა, ხოლო მარკ გასოლმა 17 ქულა დააგროვა.

აუცილებელია კანადელთა სათადარიგო დუეტის კარგი თამაშიც აღვნიშნოთ. ფრედ ვანვლიტმა პარკეტზე 33 წუთი გაატარა და დაცვაში სტეფ კარის წინააღმდეგ ჩინებულად იასპარეზა. სერჟ იბაკამ კი ახალგაზრდობა გაიხსენა და 6 ქულასთან ერთად ამდენივე დაფარება მიითვალა.

„ორაქლ არენაზე“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ „ტორონტო“ სერიაში დაწინაურდა, მაგრამ უახლოეს მომავალში ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. მეოთხე შეხვედრაში „გოლდენ სტეიტს“ კევინ დურანტი და კლეი ტომპსონი დაუბრუნდებიან და მათთან ერთად სტივ კერის კოლექტივი აბსოლუტურად სხვა გუნდია. „რეპტორზისა“ და „უორიორზის“ მორიგი ჯახი 8 ივნისს გაიმართება და მატჩი თბილისის დროით 5:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები