Aa
Aa

ჯოშუამ მატჩრევანშის გამართვა ოფიციალურად მოითხოვა

ენტონი ჯოშუას ენდი რუის ჯუნიორთან რევანშის აღება და დაკარგული ქამრების დაბრუნება სურს. ბრიტანელმა მოკრივემ 2 ივნისს კარიერაში პირველი მარცხი განიცადა და IBF-ის, WBO-ს და WBA-ის ჩემპიონობა დათმო.

Daily Mail-ის ცნობით „ეიჯეის“ პრომოუტერებმა კონტრაქტში ჩადებული ერთ-ერთი პუნქტი აამოქმედეს და მატჩრევანშის გამართვა მოითხოვეს. მოგვიანებით აღნიშნული ინფორმაცია „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ედი ჰირნმაც დაადასტურა.

რუისისა და ჯოშუას მეორე ჯახი 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბერში გაიმართება. ორთაბრძოლის ჩატარების ადგილს კი ჯოშუას წარმომადგენლები შეარჩევენ. სავარაუდო ვარიანტებად კარდიფი და ლონდონი განიხილება, თუმცა გამორიცხული არაა ბრიტანელმა პრესტიჟის აღდგენა გადაწყვიტოს და რუისს „მედისონ სქუეარ გარდენში“ დაუპირისპირდეს.

Daily Mail იუწყება, რომ ენდი მატჩრევანშის სანაცვლოდ 10 მილიონ ფუნტს მიიღებს. რაც შეეხება ჯოშუას, ჯერჯერობით უცნობია ენტონი რამდენს გამოიმუშავებს. მოქმედი ჩემპიონი „ეიჯეისთან“ ჯახს მოუთმენლად ელის და აცხადებს, რომ მისთვის სულერთია ბრძოლა სად გაიმართება, თუმცა დასძენს, რომ ახლა გადაწყვეტილებებს ის იღებს.

ცხელი ამბები