Aa
Aa

ოფიციალურად! ხაბიბი 7 სექტემბერს დაბრუნდება

მსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი ოქტაგონს უბრუნდება. დაღესტნელი მომდევნო ორთაბრძოლას 7 სექტემბერს, აბუ დაბიში გამართავს და დასტინ პორიეს შეერკინება. აღნიშნული ინფორმაცია UFC-მ გაავრცელა.

ხაბიბი რვაკუთხედში ბოლოს 2018 წლის ოქტომბერში ვიხილეთ. მაკგრეგორთან მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ 30 წლის დაღესტნელმა ჩხუბი ატეხა, რის გამოც 9 თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და 380 000 ფუნტის გადახდა მოუწია.

ნურმაგომედოვის მენეჯერის, ალი აბდელ-აზიზის თქმით მისმა კლიენტმა UFC-სთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა და ორგანიზაციის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მებრძოლი გახდა. აღსანიშნავია, რომ 7 სექტემბერს ოქტაგონზე ხაბიბის ბიძაშვილი, აბუბაქარ ნურმაგომედოვი და დაღესტნელის თანაგუნდელი, ზუბაირა ტუხუგოვიც გავლენ.

ბუკმეიკერები აშკარა ფავორიტად ხაბიბს მიიჩნევენ. 30 წლის მებრძოლს კარიერის განმავლობაში მარცხი არცერთხელ განუცდია და UFC-ში 11 ორთაბრძოლა აქვს მოგებული. რაც შეეხება პორიეს, ლუიზიანაში დაბადებულ დასტინს 5 წაგება აქვს, თუმცა უკანასკნელი 5 დაპირისპირებიდან ყველა მის სასარგებლოდ დასრულდა.

ცხელი ამბები