ოქროს მედალი რუსის ძლევით ! - 4 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
Aa
Aa

ოქროს მედალი რუსის ძლევით ! - 4 მედალი ევროპის ჩემპიონატზე

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის ესპანეთში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მიმდინარეობს. ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში ქართველმა მოჭიდავეებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

55 კგ. წონით კატეგორიაში ფრიდონ აბულაძემ ფინალში რუსეთის წარმომადგენელს, ანვარ ალახიაროვს 7:6 სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.

 

63 კგ. წონით კატეგორიაში ლერი აბულაძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ფინალურ შეხვედრაში აბულაძე თურქ აბდულა ტოპრაკთან 2:8 დამარცხდა.

77 კგ. წონით კატეგორიაში ნიკა შერბაკოვმა ლიტველ არმინას ლიგნუგარისს 3:1 მოუგო. შერბაკოვმა საქართველოს ბრინჯაოს მედალი მოუტანა. ასევე ბრინჯაოს მედალია გიორგი ქუცნაშვილის ანგარიშზე, რომელიც 87 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობს. ქუცნაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში პოლონელ მიხალ დიბკას 8:4 მოუგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ტურნირი გრძელდება და ქართველი მოჭიდავეების მიერ მოპოვებული მედლების რაოდენობა გაიზრდება.

60 კგ. წონით კატეგორიაში დიეგო ჩხიკვაძემ  ლიტველი ვილიუს სავიცკასი (9:1), უკრაინელი მიროსლავ სოლოვიანი (9:0) და სომეხი სააკ ოვანესიანი (4:1) დაამარცხა. მას ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს. დიეგო ფინალში აზერბაიჯანელ ასგარ ალიზადს შეხვდება.

67 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი შოთაძემ ესპანელი უგო მონტუტო (8:0), ბელარუსი ელდერ ჰასანაუ (7:2), მოლდოველი ვალენტინ პეტიჩი (9:0) და ნორვეგიელი ჰავარდ იორგენსენი (10:2) დაამარცხა. ქართველი ფინალში სომეხ ჰაიკ მელიქიანს დაუპირისპირდება.

ორი ფინალური შეხვედრის გარდა ქართველ მოჭიდავეებს ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვთ. 97 კგ. წონით კატეგორიაში კოკა ღარიბაძე ასპარეზობს, 72 კგ. წონით კატეგორიაში ოთარ აბულაძე გამოდის. ისინი რეპეშაჟში იასპარეზებენ.

ცხელი ამბები