Corriere della Sera  - „ინტერი“ მზადაა იკარდი მორატაში გაცვალოს
Aa
Aa

Corriere della Sera - „ინტერი“ მზადაა იკარდი მორატაში გაცვალოს

გავლენიანი იტალიური გაზეთი Corriere della Sera საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ „ინტერი“ აპირებს მაურო იკარდი გუნდიდან გაუშვას.

„ნერაძურის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე დღის წინ ანტონიო კონტე დაინიშნა და იტალიელ სპეციალისტს არგენტინელ თავდამსხმელსა და კლუბს შორის არსებული დაძაბული მდგომარეობა აფიქრებს. კონტე სიტუაციის განმუხტვას იკარდის გასხვისებით გეგმავს და მზადაა მაურო ალვარო მორატაში გაცვალოს. ეს უკანასკნელი ლონდონის „ჩელსის“ საკუთრებაა და „ატლეტიკოშია" განათხოვრებული.

მადრიდელების თავკაცი, დიეგო სიმეონე ანტუან გრიზმანის შემცვლელს ეძებს. ფრანგი უდიდესი ალბათობით ზაფხულში „ვანდა მეტროპოლიტანოს“ დატოვებს და არგენტინელი სპეციალისტი მაღალი დონის თავდამსხმელის გადაბირებაზეა ორიენტირებული. იკარდი კი იდეალური ვარიანტია.

შეგახსენებთ, რომ "ჩელსის" ნებართვის გარეშე შეთანხმება არ შედგება, რადგან როგორც აღვნიშნეთ მორატა "როხიბლანკოს" რიგებში იჯარის წესით იმყოფება. რაც შეეხება იკარდის, მას „ნერაძურისთან“ ხელშეკრულება 2021 წლამდე აკავშირებს, თუმცა ბოლო პერიოდში სერიოზული პრობლემები აქვს და ადგილობრივი პრესა "ინტერის" დატოვებას უწინასწარმეტყველებს.

იკარდის შეძენით რამდენიმე გრანდია დაინტერესებული და სავარაუდოდ არგენტინელი ფეხბურთელი ზაფხულში ნავსაყუდელს შეიცვლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები