პოლიციის ანგარიში - რატომ მოხდა ავტოავარია?
Aa
Aa

პოლიციის ანგარიში - რატომ მოხდა ავტოავარია?

ესპანურმა გამოცემა Mundo Deportivo-მ ხოსე ანტონიო რეიესის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოლიციის პირველადი ანგარიში გაასაჯაროვა. სამართალდამცველების ცნობით 237 კმ/სთ-ით მიმავალ „მერსედესს“ საბურავი გაუსკდა და ავტოავარია სწორედ ამან გამოიწვია.

პოლიციის ანგარიშის მიხედვით რეიესს ამ ავტომობილით რამდენიმე თვის განმავლობაში არ უსარგებლია და ამიტომ ერთ-ერთ საბურავში წნევა საჭირო დონეს არ შეესაბამებოდა. მათი ინფორმაციით მომხდარის შემდეგ რეიესის მანქანა გზაზე განთავსებულ დამცავ ჯებირს შეეჯახა, ამოტრიალდა და ცეცხლი გაუჩნდა.

შეგახსენებთ, რომ რეიესთან ერთად მანქანაში ორი ადამიანი იმყოფებოდა. ხოსე ანტონიოს ბიძაშვილი, 23 წლის ჯონათან რეიესი ადგილზევე გარდაიცვალა. რაც შეეხება მეორე მგზავრს, ხუან მანუელ კალდერონს, რომელიც ასევე ფეხბურთელის ბიძაშვილი გახლავთ, მას თავდაპირველად დაღუპულად მიიჩნევდნენ. თუმცა ამ უკანასკნელმა როგორღაც ავტომობილს თავი დააღწია და ამჟამად სევილიაში მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში სერიოზულ დამწვრობებს ებრძვის.

რეიესის გარდაცვალებამ საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო... ტრაგედიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ხოსე ანტონიოს ოჯახს თანადგომა ბევრმა ცნობილმა სახემ გამოუცხადა.

რეიესს დღეს მშობლიურ ქალაქ უტრერაში დაკრძალავენ.

მშვიდად განისვენე ხოსე ანტონიო!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები