Aa
Aa

"გოლდენ სტეიტი" გადარჩა, "მეომრებმა" ანგარიში გაათანაბრეს

NBA-ის მოქმედმა ჩემპიონმა, „გოლდენ სტეიტმა“ თავისი მებრძოლი ხასიათი კიდევ ერთხელ გამოავლინა და ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა. „მეომრებმა“ სტუმრად 109-104 იმარჯვეს და საკუთარი კედლების უპირატესობა დაიბრუნეს.

შეხვედრა საინტერესო და დაძაბული გამოდგა. პირველი ტაიმი „ტორონტოს“ კარნახით წარიმართა და მასპინძლები დიდ შესვენებაზე 5 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ. სტივ კერის ბიჭებმა მატჩში გარდატეხა მესამე მეოთხედში შეიტანეს, როცა მეტოქეს 18-0 გაექცნენ და კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს.

სოლიდური სხვაობის მიუხედავად  „რეპტორზმა“ ბოლომდე იბრძოლა და თამაშში დაბრუნება რამდენჯერმე სცადა. გადამწყვეტ თორმეტწუთეულში „გოლდენ სტეიტმა“ ბურთი 5 წუთის განმავლობაში ვერ ჩააგდო, თუმცა კანადელებმა მიღებული საჩუქრით ვერ ისარგებლეს. მატჩის დასრულებამდე 26 წამით ადრე დენი გრინის სამიანით ნიკ ნერსის გუნდმა ჩამორჩენა ორ ქულამდე შეამცირა, მაგრამ მომდევნო შეტევაში დაცვაში ცუდად იასპარეზა და ანდრე იგუდალა უყურადღებოდ დატოვა. გამოცდილმა „იგიმ“ თავისი გუნდი არ დააღალატა და უმნიშვნელოვანესი სამიანი ჩააგდო.

„უორიორზის“ წარმატებაში დიდი როლი სტეფ კარისა და კლეი ტომპსონის დუეტმა ითამაშა, რომელმაც ჯამში 48 ქულა დააგროვა. დრეიმონდ გრინი 17 ქულას, 10 მოხსნას და 9 შედეგიან გადაცემას დასჯერდა. დემარკუს კაზინსმა კი გუნდს 11 ქულა და 10 მოხსნა შესძინა. აღსანიშნავია, რომ კლეი ტომპსონმა ტრავმის გამო შეხვედრა ნაადრევად დატოვა, თუმცა როგორც გაირკვა სერიოზული არაფერია და 29 წლის მსროლელი მცველი მომდევნო მატჩში მიიღებს მონაწილეობას.

„ტორონტოს“ რიგებში 34 ქულით საუკეთესო კავაი ლეონარდი გახლდათ. წინა შეხვედრის გმირმა, პასკალ სიაკამმა გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და 18 სროლიდან მხოლოდ 5 გამოიყენა. კაილ ლოურიმ თავი 13 ქულას მოუყარა. სათადარიგო სკამიდან შესული ფრედ ვანვლიტი კი 17 ქულით გამოირჩა.

კანადაში გამართული ორი დაპირისპირების შემდეგ „რეპტორზისა“ და „უორიორზის“ ჯახი „ორაქლ არენაზე“ გადაინაცვლებს. „გოლდენ სტეიტი“ პირველ საშინაო შეხვედრას 6 ივნისს, თბილისის დროით 5 საათზე გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები