Cadena SER: დოკუმენტი, რომელიც გრიზმანის ''ბარსაში'' ტრანსფერს ადასტურებს
Aa
Aa

Cadena SER: დოკუმენტი, რომელიც გრიზმანის ''ბარსაში'' ტრანსფერს ადასტურებს

ესპანური გამოცემა AS-ი რადიო Cadena SER-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ანტუან გრიზმანმა კატალონიის ''ბარსელონასთან'' შეთანხმებას მიაღწია. წყაროს ცნობით ფრანგმა კატალონიურ კლუბთან მოლაპარაკება გასული წლის ნოემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის მარტში დაასრულა.

Cadena SER-ის ცნობით მათ ნახეს დოკუმენტი, რომელიც გრიზმანის ''ბარსელონაში'' კარიერის გაგრძელებას ადასტურებს. მოქმედი კონტრაქტის მიხედვით გრიზმანის ტრანსფერში დაინტერესებულ კლუბს 120 მილიონიდან 200 მილიონ ევრომდე თანხის გადახდა მოუწევს.

Marca საპირისპირო შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვით "ბლაუგრანას" პრეზიდენტს რამდენიმე საკითხი აფერხებს. ფრანგი შემტევის გამოსასყიდი თანხა და ანაზღაურება, რომელსაც იგი "კამპ ნოუზე" გადასვლის შემთხვევაში მიიღებს, საკმაოდ რთული დაბრკოლებაა. მთავარ პრობლემას "ბარსელონას" ფეხბურთელების დამოკიდებულება წარმოადგენს. "ბლაუგრანას" რამდენიმე ვარსკლავი გრიზმანის შარშანდელი ქმედებების გამო მის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი და ანტუანთან ერთად თამაშის პერსპექტივა არ ხიბლავს.

მიმდინარე თვეში გრიზმანმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მადრიდის ''ატლეტიკოს'' ტოვებს:''ჩოლოსთან და მიგელ ანხელთან საუბრის შემდეგ კლუბიდან წასვლის გადაწყვეტილება მივიღე. ქომაგებს, თანაგუნდელებს, ხალხს მინდა ვუთხრა, რომ კლუბს ვტოვებ, ახალი გამოწვევების დროა.''

როგორც AS-ზე ვკითხულობთ მადრიდის ''ატლეტიკომ'' შესაძლოა ''ბარსელონას'' ფიფაში უჩივლოს, რადგან კლუბის ნებართვის გარეშე ფეხბურთელით დაინტერესებულ კლუბს მოლაპარაკების დაწყების უფლება არ აქვს. გამონაკლისია კონტრაქტის დასკვნითი 6 თვე. ამ პერიოდში მოლაპარაკების დასაწყებად კლუბის ნებართვა საჭირო არაა.

შეგახსენებთ, გრიზმანის ''ბარსაში'' გადასვლის თაობაზე მოლაპარაკება გასული წლის ზაფხულშიც მიმდინარეობდა, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა საბოლოოდ ფეხბურთელმა მადრიდულ კლუბში დარჩენა გადაწყვიტა და 2018 წლის ზაფხსულში ახალი კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები