MARCA - გრიზმანი
Aa
Aa

MARCA - გრიზმანი "ბარსელონას" ნომერ პირველი სამიზნე აღარაა

ესპანური გამოცემა MARCA იტყობინება, რომ კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტს, ხოსეპ მარია ბარტომეუს გრიზმანის გადაბირება აღარ სურს.(სამომავლოდ შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს, მაგრამ დღესდღეობით ასეა.) "ბლაუგრანას" ხელმძღვანელს ტრანსფერთან დაკავშირებული სირთულეები და რისკები აფიქრებს.

"ბარსას" გრიზმანის გაფორმება ჯერ კიდევ შარშან უნდოდა და მიზანთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ამ უკანასკნელმა კარიერის "როხიბლანკოსში" გაგრძელება გადაწყვიტა. წლეულს ყველაფერი სხვანაირადაა. ანტუანს "ატლეტიკოს" დატოვება სურს, მაგრამ ამჯერად უარზე "ბარსელონაა". MARCA-ს მიხედვით გრიზმანის ტრანსფერი "ბარსას" ნომერ პირველი პრიორიტეტი აღარ გახლავთ.

ესპანური გამოცემის ცნობით "ბლაუგრანას" პრეზიდენტს რამდენიმე საკითხი აფერხებს. ფრანგი შემტევის გამოსასყიდი თანხა და ანაზღაურება, რომელსაც იგი "კამპ ნოუზე" გადასვლის შემთხვევაში მიიღებს, საკმაოდ რთული დაბრკოლებაა. თუმცა მთავარ პრობლემას "ბარსელონას" ფეხბურთელების დამოკიდებულება წარმოადგენს. MARCA-ს ინფორმაციით "ბლაუგრანას" რამდენიმე ვარსკლავი გრიზმანის შარშანდელი ქმედებების გამო მის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი და ანტუანთან ერთად თამაშის პერსპექტივა არ ხიბლავს. ეს ყველაფერი ბარტომეუს მშვენივრად მოეხსენება და ფრანგის ტრანსფერმა დროებით უკანა პლანზე სწორედ ამიტომ გადაიწია.

გამორიცხული არაა ვითარება ისევ შეიცვალოს, თუმცა თუ ბარსელონას" მესვეურებმა ტრანსფერის გაჩარხვა მოისურვეს, მოთამაშეების დასაყოლიებლად დიდი შრომა მოუწევთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები