ყველაფერი, რაც ევროპა ლიგის ფინალში გამოგრჩათ
Aa
Aa

ყველაფერი, რაც ევროპა ლიგის ფინალში გამოგრჩათ

ევროპა ლიგის განვლილი გათამაშება ლონდონის „ჩელსის“ ტრიუმფით დასრულდა. „არისტოკრატებმა“ საკუთარი გულშემატკივრები გაახარეს და ლონდონურ დერბიში „არსენალს“ 4-1 სძლიეს.

მულტინაციონალური ფინალი

გუშინდელ შეხვედრაში გუნდების ძირითად შემადგენლობაში 15 სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი გახლდათ გამწესებული.

„ჩელსი“ 2010 წლის შემდეგ პირველი გუნდი გახდა, რომელსაც ევროტურნირების ფინალში არცერთი ადგილობრივი (ამ შემთხვევაში ინგლისელი) ფეხბურთელი არ ჰყოლია სასტარტოში.

ჟირუს ინდივიდუალური მიღწევა

ოლივიე ჟირუს „ჩელსის“ წარმატებაში ლომის წვლილი მიუძღვის. ფრანგმა გოლი შეაგდო, აზარს გაატანინა და პენალტი სწორედ მისი წაქცევის შემდეგ დაინიშნა.

აღსანიშნავია, რომ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ჟირუმ კარიერაში მეორასე გოლი გაიტანა. ამასთან ერთად იგი ალან შირერის შემდეგ ინგლისურ კლუბში მოთამაშე პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროტურნირებზე მეტოქე გუნდების კარის აღება 11-ჯერ მოახერხა.

დროგბამ "ჩელსი" გაამხნევა

ევროპა ლიგის ფინალის დაწყებამდე „არისტოკრატების“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, დიდიე დროგბამ „ლურჯების“ გამხნევება გადაწყვიტა. „ჩელსიმ“ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც დროგბა „სტემფორდ ბრიჯის“ ბინადრებს გამარჯვებისკენ მოუწოდებს.

„მიდით ბიჭებო! ხომ იცით ვის ვეთამაშებით. ეს მატჩი უნდა მოიგოთ. ჩამოიტანეთ თასი სახლში. მიდით „ლურჯებო“! „ჩელსის“ მაისური უკვე მაცვია და გამარჯვების აღსანიშნავად მზად ვარ“.

„არსენალი“ „მიდლსბროს“ გზას გაუყვა

უნაი ემერის ბიჭებმა ლონდონური დერბი საშინლად ჩაატარეს. „მეთოფეებმა“ პირველ ნახევარში კარის მშრალად შენახვა მოახერხეს, თუმცა მეორე ტაიმში 4 გოლი გაუშვეს.

„არსენალი“ „მიდლსბროს“ შემდეგ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ევროპა ლიგის ან ჩემპიონთა ლიგის ფინალში 4 გოლი მიიღო.

ყველაზე ცუდი "აცილება"

ლონდონის „ჩელსის“ იტალიელი უკანახაზელი, ძაპაკოსტა მატჩის შემდეგ კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა. 26 წლის მცველს წყლის მიღება სურდა, თუმცა მიზანს „დიდი მანძილით“ ააცილა.

გულშემატკივართა რისხვა

სოციალურ ქსელებში ბაქოში გამართულ ფინალს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გულშემატკივრებმა ორგანიზატორებს ყველაფერი დაუწუნეს და „არსენალისა“ და „ჩელსის“ ჯახი ევროტურნირების ყველაზე ცუდ ფინალად მონათლეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები