Aa
Aa

"სენტ ლუისმა" ანგარიში გაათანაბრა - "ბლუზმენების" ისტორიული გამარჯვება

„სენტ ლუის ბლუზმა“ „სტენლის თასის“ ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და „ბოსტონ ბრუინზს“ სტუმრად სძლია. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

„თიდი გარდენში“ შეკრებილმა გულშემატკივარმა უხვგოლიანი პირველი პერიოდი იხილა. საწყის ოცწუთეულში ბოსტონელები ორჯერ დაწინაურდნენ, თუმცა „ბლუზმენებმა“ სხვაობის აღმოფხვრა ორივეჯერ მოახერხეს. პირველისგან განსხვავებით მეორე და მესამე პერიოდმა მოლოდინი ვერ გაამართლა და გუნდებს გოლი აღარ გაუტანიათ.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ დამთავრდა და გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო. დამატებითებში უკეთ „სენტ ლუისის“ მოთამაშეებმა იასპარეზეს და გუნარსონის გოლით „ბოსტონთან“ ჯახში წონასწორობა აღადგინეს.

„ბრუინზთან“ მიღწეული წარმატება „სენტ ლუისისთვის“ ისტორიული გამოდგა. „ბლუზმენებმა“ არსებობის განმავლობაში „სტენლის თასის“ ფინალურ სერიაში გამარჯვება პირველად მოიპოვეს.

„თიდი გარდენში“ გამართული ორი შეხვედრის შემდეგ დაპირისპირება „ენთერპრაიზ სენთერში“ გადაინაცვლებს. „სენტ ლუისი“ საკუთარ კედლებში „ბოსტონს“ 2 ივნისს მიიღებს და სერიაში დაწინაურებას შეეცდება.

ცხელი ამბები