Aa
Aa

"ჩელსიმ" ევროპა ლიგა მეორედ მოიგო!

ბაქოში გამართული ევროპა ლიგის 2019 წლის ფინალური შეხვედრა ლონოდნის "ჩელსის" დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. "ლურჯებმა" თანაქალაქელ "არსენალს" შანსი არ დაუტოვეს და 4:1 დაამარცხეს, რითაც "ჩელსი" პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ევროპა ლიგა დაუმარცხებლად მოიგო.

"არისტოკრატთაგან" პირველი გოლი ოლივიე ჟირუმ შეაგდო, რომელმაც ტურნირზე მე-11 შედეგიანი დარტყმა მიითვალა და 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, უდავოდ, ედენ აზარი გახლდათ, რომელმაც დუბლს, საგოლე პასი დაუმატა, მეოთხე გოლი კი პედროს აქტივშია. "არსენალისგან" თავი ივობიმ გამოიჩინა.

60 წლის მაურიციო სარიმ სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა, ხოლო უშუალოდ "არისტოკრატებმა" ევროპა ლიგის გათამაშება ისტორიაში მეორედ მოიგეს. გუნდმა 2013 წელს, ფინალურ მატჩში "ბენფიკას" აჯობა. აღსანიშნავია, რომ იტალიელი სპეციალისტი ევროპა ლიგის ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული მწვრთნელი გახდა.

რაც შეეხება აზარს, იგი 1991 წლის შემდეგ, ინგლისური კლუბების ფეხბურთელთაგან პირველია, რომელმაც ევროტურნირის ფინალურ მატჩში ორი გოლი გაიტანა. მაშინ თასების მფლობელთა თასის გადამწყვეტ მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდმა, მარკ ჰიუზმა, "ბარსელონასთან" ასევე დუბლი შეასრულა.

თუკი თასების მფლობელთა თასს არ ჩავთვლით, "არსენალს" ევროტურნირი არასდროს მოუგია. "მეთოფეებმა" უეფას თასის ფინალში 2000 წელს - "გალათასარაისთან" წააგეს, 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსელონასთან" დამარცხდნენ, "ჩელსისთან" მარცხი კი რიგით მე-3 წარუმატებელი მცდელობა გამოდგა.

სამაგიეროდ, თავად "არისტოკრატები" უკვე მე-6 ევროპულ ტიტულს ზეიმობენ. მათ 2-ჯერ თასების მფლობელთა თასი, 2-ჯერ ევროპა ლიგა, ასევე უეფას სუპერ თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგეს.

 

"ჩელსიმ" 14 აგვისტოს, სტამბულში თამაში გაინაღდა, სადაც უეფას სუპერ თასი გათამაშდება, "ლურჯებს" მეტოქედ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ეყოლებათ - "ლივერპული" ან "ტოტენჰემი", ეს 1 ივნისს, მადრიდში, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები