ბაქოს პოლიცია მხითარიანის მაისურიან გულშემატკივრებს აჩერებს
Aa
Aa

ბაქოს პოლიცია მხითარიანის მაისურიან გულშემატკივრებს აჩერებს

ევროპა ლიგის ფინალის დაწყებამდე საათები რჩება, დაძაბულობა პიკს აღწევს და, რა თქმა უნდა, ბაქოს პოლიცია განსაკუთრებული კონცენტრირებით მუშაობს. აზერბაიჯანის დედაქალაქში ჩასულ ათასობით გულშემატკივარს სხვადასხვაგვარი შემოწმებების გავლა უწევს.

მოგეხსენებათ, სომეხ ფეხბურთელ ჰენრიხ მხითარიანს სავიზო პრობლემები შეექმნა და მას აზერბაიჯანულმა მხარემ ქვეყანაში შესვლაზე უარი განუცხადა, თუმცა არიან ისეთები, რომლებიც მხითარიანის მაისურებით გამოწყობილნი ბაქოს ქუჩებში დადიან, რაც ცეცხლზე ნავთის დასხმას უფრო ჰგავს.

ორი ტაილანდელი გულშემატკივარი ბაქოში სომეხი შემტევის ფორმით გადაადგილდებოდა, რასაც პოლიციის დაუყოვნებლივი რეაგირება და გარეგანი შემოწმება მოჰყვა. ამის ამსახველი კადრები არაერთმა წამყვანმა სპორტულმა გამოცემამ გაავრცელა.

 

როგორც ირკვევა, ეს უბრალოდ საილუსტრაციო კადრებია და თითქმის ყველა ადამიანი, ვისაც კი მხითარიანის მაისური აცვია, მსგავს შემოწმებას გადის, რის შემდეგაც თუკი ყველაფერი წესრიგშია, პოლიცია გზის გაგრძელების საშუალებას აძლევს.

აღსანიშნავია, რომ მხითარიანს უეფამ უსაფრთხოების გარანტია მისცა, თუმცა "არსენალმა" და ფეხბურთელმა მოილაპარაკეს, რომ სჯობდა, სომეხი ვარსკვლავი ბაქოში არ ჩასულიყო.

"ჩელსი" და "არსენალი" ადგილობრივი დროით 23:00 საათზე დაიწყება, რაც თბილისის დროის იდენტურია. ბაქოში ამჟამად კარგი ამინდია, რაც მატჩის ჩატარების პერიოდშიც შენარჩუნდება, სინოპტიკოსები 11 საათისთვის დაახლოებით 21-22 გრადუსს ვარაუდობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები