მხოლოდ მეკარეების მწვრთნელი დარჩება - კონტე
Aa
Aa

მხოლოდ მეკარეების მწვრთნელი დარჩება - კონტე "ინტერის" სამწვრთნელო შტაბს დაითხოვს

ანტონიო კონტეს "ინტერთან" შეთანხმების შესახებ რამდენიმე კვირაა იწერება. გამოცემა Tuttomercatoweb-ის დღევანდელი ცნობით, "კონტისიმე" მილანელებთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სამწვრთნელო შტაბს საკუთარი სურვილისამებრ დააკომპლექტებს.

როგორც ირკვევა, 49 წლის სპეციალისტის შტაბში მისი ძმა, ჯანლუკა კონტე, ასევე კრისტიან სტელინი, ჯულიო ტუსი და პაოლო ვანოლი იმუშავებენ. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამჟამინდელ თანამდებობას შეინარჩუნებს, მეკარეების მწვრთნელი, ადრიანო ბონაიუტია, რომლის გუნდში დატოვება სამირ ჰანდანოვიჩმა ითხოვა.

"ნერაძურის" ლუჩიანო სპალეტის გათავისუფლების შესახებ უკვე უნდა გამოეცხადებინა, თუმცა გამოცდილ სპეციალისტს ძმა გარდაეცვალა და აღნიშნული ცნობის გასაჯაროვება ხუთშაბათისთვის ან პარასკევისთვის გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე "ინტერისგან" წლიურ ხელფასად 12 მილიონ ევროს მიიღებს, რითაც იტალიის ჩემპიონატის ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები