Aa
Aa

ჩელსი VS არსენალი - მატჩის წინ

აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო ევროტურნირის ფინალს ისტორიაში პირველად უმასპინძლებს. 2015 წელს გახსნილი „ოლიმპიური სტადიონი“ ზეიმის მოლოდინშია და „ევრო 2020“-მდე გენერალურ რეპეტიციას გაივლის. უეფას საკლუბო ტურნირების ისტორიაში მესამედ და ბოლო 11 სეზონში პირველად, ევროტურნირის ფინალში ინგლისური გუნდები ითამაშებენ - ბაქოში ლონდონური დერბია!

უშუალოდ ევროპა ლიგის ფინალში ერთი ქვეყნის გუნდები ბოლოს 2012 წელს შეხვდნენ, როცა „ატლეტიკომ“ „ბილბაოს“ მოუგო, იქამდე კი 1 წლით ადრე, „პორტუ“ „ბრაგას“ დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა. ასე რომ, ევროპა ლიგის ისტორიაში მესამე შემთხვევაა, როცა ფინალურ მატჩში ერთი ქვეყნის გუნდები უპირისპირდებიან.

ჩელსი

„ჩელსის“ კი ევროპის რანგით მე-2 საკლუბო ტურნირის მოგების კიდევ ერთი შანსი აქვს, „არისტოკრატებმა“ ტიტული 2013 წელს მოიგეს, როცა ფინალში „ბენფიკა“ დრამატულ ბრძოლაში დაამარცხეს. მაურიციო სარის გუნდს სარეკორდო სვლა აქვს და ევროპა ლიგის ეგიდით 17 თამაშია არ აგებს, რითაც „ატლეტიკოს“ 15-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია დაჩრდილა.

„არისტოკრატთა“ მხრიდან დღევანდელ მატჩში რუბენ ლოფტუს-ჩიკი, კალუმ ჰადსონ-ოდოი და ანტონიო რუდიგერი ვერ ითამაშებენ, ნ’გოლო კანტესა და გარი კეჰილის საკითხი კი უშუალოდ თამაში დაწყებამდე გადაწყდება.

მაურიციო სარი: „როგორც წესი, „არსენალთან“ მატჩები გახსნილი და შემტევი გამოდის. მათ ორი ძალიან სახიფათო თავდამსხმელი ჰყავთ: ლაკაზეტი და ობამეიანგი. საერთოდაც, მთლიანად გუნდი შეტევით ფაზაში ძალიან სახიფათოა. აგრესიულად თამაშობენ და პრესინგს მეტოქის ნახევარზე მიმართავენ, ამიტომ მათთან თამაში იოლი არ იქნება.

არ გვსურდა, რომ ამ ფინალს ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა-არგასვლა გადაეწყვიტა, ამ მიზნისთვის პრემიერ ლიგის მეშვეობით უნდა მიგვეღწია, რაც შევძელით კიდეც, ახლა კი უბრალოდ ტიტულის მოგებაზე ვართ ფოკუსირებული. ფინალში გამარჯვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვგრძნობთ, რომ ტიტულს ვიმსახურებთ“.

არსენალი

„ლურჯებისთვის“ ევროტურნირებზე წარმატება უცხო არაა, რასაც „არსენალზე“ ვერ ვიტყვით, რომელსაც თასების მფლობელთა თასის გარდა, არასდროს არაფერი მოუგია. „არსენალი“ მე-14 გუნდია, რომელმაც ევროპა ლიგის ფინალში გააღწია და თუკი მოიგებს, ამ ტურნირის მე-6 გამარჯვებული გახდება.

„მეთოფეების“ დანაკლისი შედარებით უფრო სერიოზულია, მათი მხრიდან მოედანზე აარონ რემზის, ექტორ ბელერინს, დენის სუარესს, რობ ჰოლდინგსა და დენი უელბეკს ვერ ვიხილავთ. ჰენრიხ მხითარიანის ამბავი ყველას კარგად მოეხსენება, სომეხ შემტევს სავიზო პრობლემები შეექმნა და აზერბაიჯანის დედაქალაქში გუნდთან ერთად ვერ ჩავიდა.

უნაი ემერი: „პირველი იდეა, რომლის გადაცემასაც ფეხბურთელებისთვის მთელი სეზონის განმავლობაში ვცდილობდი ის იყო, რომ ყველა ტურნირზე მაქსიმუმისთვის უნდა გვებრძოლა.

როცა ევროპა ლიგაზე პირველ მატჩებს ვატარებდით, ზოგი მოთამაშე ფიქრობდა, რომ აქცენტი პრემიერ ლიგაზე უნდა გაგვეკეთებინა. მათ ვუთხარი, რომ თქვენი გასაგებია, თუმცა მე ვწყვეტ - როდის სად გათამაშოთ და როდის დაგასვენოთ. არ მსურდა, რომ ამ ტურნირზე თამაში არ სდომებოდათ, ამიტომ მივანიშნე, რომ როცა ნახევარფინალში ან ფინალში გავიდოდით, ჩემთან მოვიდოდნენ და მეტყოდნენ: „სათამაშოდ მზად ვარ“.

ასე რომ, მთელი სეზონის განმავლობაში ევროპა ლიგაზე აქცენტს ვაკეთებდით, ეს ჩვენთვის გამოწვევა და მნიშვნელოვანი ამბიცია იყო. ვცდილობდით, ისეთი შეგრძნება გვქონოდა, რომ ამ ტურნირის მოგება გვინდოდა“.

მწვრთნელები

ასაკში 13 წლიანი სხვაობის მიუხედავად, უნაი ემერი გაცილებით ტიტულოვანი სპეციალისტია, ვიდრე მაურიციო სარი. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ 60 წლის იტალიელს ოფიციალური ტიტული ამ დრომდე არ მოუგია. ამასთან ყველაზე ახლოს იანვარში იყო, როცა "ჩელსიმ" თასის ფინალში "სიტისთან" პენალტებით წააგო.

რაც შეეხება ემერის, მას უშუალოდ ევროპა ლიგა 3-ჯერ აქვს მოგებული. ესპანელმა დამრიგებელმა 2013-2014; 2014-2015 და 2015-2016 წლებში ჩემპიონობა "სევილიასთან" ერთად იზეიმა. გარდა ამისა, პსჟ-ს მწვრთნელის რანგში 7 ტიტული აქვს მოპოვებული.

მსაჯები

ფინალურ შეხვედრას იტალიელი ჯანლუკა როკი განსჯის. ლაინსმენების ფუნქციას ლორენცო მანგანელი და ფილიპო მელი შეასრულებენ, მეოთხე სათადარიგო არბიტრი კი დანიელე ორსატო იქნება.

როკიმ საერთაშორისო კატეგორიის წოდება 2008 წელს მიიღო, ევროპა ლიგის ფინალს კი კარიერაში პირველად იმსაჯებს. აღსანიშნავია, რომ 2010 და 2017 წლის ევროპა ლიგის ფინალებში როკიმ მეოთხე სათადარიგო არბიტრის ფუნქცია შეასრულა, იმავე 2017 წელს კი, "მანჩესტერსა" და "რეალს" შორის გამართული უეფას სუპერ თასის შეხვედრა განსაჯა.

45 წლის როკი ბოლო წლების იტალიელ მსაჯებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია და გასულ ზაფხულს რუსეთში გამართულ მუნდიალზე 3 მატჩს გაუძღვა.

რაც შეეხება ვიდეო ასისტენტ რეფერის, რომელსაც ევროპა ლიგაზე ისტორიაში პირველად გამოიყენებენ, მას ასევე იტალიელი, მასიმილიანო ირატი, უხელმძღვანელებს, მის ასისტენტებად კი მარკო გუიდა და შიმონ მარცინიაკი იმუშავებენ.

სავარაუდო შემადგენლობები uefa.com-ის მიხედვით:

ჩელსი (4-3-3): კეპა - ასპილიკუეტა, კრისტენსენი, დავიდ ლუიზი, ალონსო - კანტე ან კოვაჩიჩი, ჟორჟინიო, ბარკლი - პედრო, აზარი, ჟირუ.

არსენალი (3-4-1-2): ჩეხი - სოკრატისი, მუსტაფი, კოშელნი - ნაილსი, ჯაკა, ტორეირა, კოლაშინაცი - იოზილი - ლაკაზეტი, ობამეიანგი.

სტადიონი და დაწყების დრო

ბაქოს „ოლიმპიური სტადიონის“ მშენებლობა 2011 წელს დაიწყო, 2015 წელს კი უკვე ექსპლუატაციაში შევიდა. ტევადობა 68 700-ია, ხოლო უეფას სტანდარტებით მე-4 კატეგორიის არენაა.

„ოლიმპიურმა სტადიონმა“ 2015 წლის ევროპულ თამაშებს უმასპინძლა. საფეხბურთო კლუბმა „ყარაბაღმა“2017-2018 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩები სწორედ ამ არენაზე ჩაატარა. ამავე სტადიონზე გაიმართება „ევრო 2020“-ს ჯგუფური ეტაპის - 3 და მეოთხედფინალური სტადიის 1 მატჩი.

თამაში ადგილობრივი დროით 23:00 საათზე დაიწყება, რაც თბილისის დროის იდენტურია. ბაქოში ამჟამად კარგი ამინდია, რაც მატჩის ჩატარების პერიოდშიც შენარჩუნდება, სინოპტიკოსები იმ დროისათვის დაახლოებით 21-22 გრადუსს ვარაუდობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები