Aa
Aa

მალდინის ახალ თანამდებობას სთავაზობენ - ლეგენდა "მილანში" დარჩება?

იტალიური „მილანის“ დირექტორთა საბჭოში რეორგანიზაციის პროცესია. კლუბი სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ, დატოვა, პაოლო მალდინი კი, სავარაუდოდ, ახალ პოზიციაზე იმუშავებს.

მალდინიმ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მიანიშნა, რომ იგი საბჭოში ფუნქციურად ნაკლებად დატვირთული იყო, რამაც პრესა კლუბიდან მის შესაძლო წასვლაზე აალაპარაკა. ლეგენდარული მცველი გუშინ „როსონერის“ პრეზიდენტ პაოლო სკარონისა და აღმასრულებელ დირექტორ ივან გაზიდისს „კაზა მილანში“ შეხვდა და სამომავლო გეგმები განიხილა.

როგორც ირკვევა, „მილანის“ მფლობელ კომპანია „ელიოტ მენეჯმენტს“ მალდინის გაშვება არ სურს და მზადაა, სხვა თანამდებობა შესთავაზოს. აღნიშნული ინფორმაცია Sky Sport Italia-მ გაავრცელა და დასძინა, რომ „შავ-წითელთა“ სიმბოლომ მოსაფიქრებლად დრო ითხოვა.

შეგახსენებთ, რომ პაოლო მალდინის კლუბის დირექტორთა საბჭოში მუშაობა ჩინელმა მფლობელებმაც შესთავაზეს, თუმცა მაშინ მისგან უარი მიიღეს, ხოლო რაც „მილანი“ ამერიკული კომპანიის მფლობელობაში გადავიდა, მალდინი სტრუქტურაში დასაქმდა და დირექტორთა საბჭოში დაახლოებით უკვე 1 წელია მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები