Aa
Aa

არც ჯოშუა და არც ფიური - უაილდერის მომდევნო მეტოქის ვინაობა ცნობილია

WBC-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელი დეონტეი უაილდერი მომდევნო ორთაბრძოლას ლუის ორტისის წინააღმდეგ გამართავს. ეს ინფორმაცია ამერიკელმა მოკრივემ გაასაჯაროვა.

უაილდერმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა: „ყველა ჩემს გულშემატკივარს. მინდა განვაცხადო, რომ მე და ლუის ორტისი მატჩრევანშს გავმართავთ. ორთაბრძოლის ჩატარების დღე და ადგილი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. ყველა ჩემს ბრძოლას, რომელმაც კითხვის ნიშნები დატოვა, უსწრაფესად უნდა მივხედო“.

ორტისისა და უაილდერის პირველი ჯახის შემდეგ ბევრი თვლიდა, რომ ამერიკელ მებრძოლს ძალიან გაუმართლა. კუბელი უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა და რომ არა მეათე რაუნდში დაშვებული შეცდომა და ნოკაუტი, გამარჯვებას სწორედ იგი დაისაკუთრებდა.

დეონტეის კარიერაში 42 ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული და რინგი გამარჯვებულმა 41-ჯერ დატოვა. უაილდერი ბოლოს დომინიკ ბრაზილს შეერკინა და ოპონენტი პირველივე რაუნდში ნოკაუტში ჩააგდო. რაც შეეხება ორტისს, ლუისი რინგზე 34-ჯერ გავიდა და მხოლოდ ერთხელ, სწორედ უაილდერთან დამარცხდა.

ბრიტანული გამოცემები იუწყებიან, რომ მატჩრევანში სავარაუდოდ ლოს-ანჯელესში მდებარე „სთეიპლზ სენთერში“ 7 ან 28 სექტემბერს გაიმართება. ორთაბრძოლის პირდაპირ ტრანსლაციას კი Showtime განახორციელებს.

ცხელი ამბები