გატუზომ
Aa
Aa

გატუზომ "მილანიდან" წასვლა დაადასტურა

იტალიური "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, კლუბიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ცნობა ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა. ახალგაზრდა სპეციალისტის თქმით, მისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება იოლი არ ყოფილა, თუმცა ეს ის ნაბიჯია, რაც აუცილებლად უნდა გადაედგა.

"იმის გადაწყვეტა, რომ "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დამეტოვებინა, იოლი არ ყოფილა, მაგრამ ეს ის ნაბიჯია, რომელიც აუცილებლად უნდა გადამედგა. თანამდებობაზე 18 თვე გავატარე და იმ გუნდს ვწვრთნიდი, რომელიც ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული იქნება. განვლილი თვეები უდიდესი ვნებისა და ემოციების ფონზე ვიცხოვრე, რაც ნამდვილად დაუვიწყარია.

ეს მტკივნეული გადაწყვეტილებაა, თუმცა აუცილებლად მისაღები. ჩემი კონტრაქტის ბოლო 2 წელი არაფერს ნიშნავს და ის უნდა შეწყდეს, რადგან ჩემსა და "მილანის" ურთიერთობაში ფული არ უნდა ფიგურირებდეს". - განაცხადა 41 წლის გატუზომ.

ჯენარო გატუზოს "როსონერისთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, შესაბამისად, მას ხელშეკრულების შეწყვეტის საკომპენსაციოდ 5.5 მილიონი ევრო ეკუთვნის. აღნიშნულ თანხის მიღებაზე "რინო" უარს აცხადებს და მის მხოლოდ 10%-ის მიღებას დათანხმდა.

გატუზო "შავ-წითლებს" 2017 წლის ნოემბრიდან ავარჯიშებდა, მისი ხელმძღვანელბით გუნდმა 82 მატჩი გამართა - 40 მოგება, 22 ფრე და 20 წაგება.

იტალიური პრესის ცნობით, გატუზოს სავარაუდო შემცვლელად რამდენიმე კანდიდატურა განიხილება: სიმონე ინძაგი, მაურიციო სარი, მასიმილიანო ალეგრი და მარკო ჯამპაოლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები