MARCA - ზიდანი რამოსის გაშვებას არ აპირებს
Aa
Aa

MARCA - ზიდანი რამოსის გაშვებას არ აპირებს

„რეალის“ მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი ზაფხულში გუნდის კაპიტნის, სერხიო რამოსის გაშვებას არ აპირებს. ესპანური პრესა იუწყება, რომ 33 წლის მცველს კლუბის პრეზიდენტთან, ფლორენტინო პერესთან ურთიერთობა დაეძაბა და მისი მადრიდული მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

AS-ის თანახმად “აიაქსთან“ წაგებამ პერესი განარისხა და მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს გასახდელში შეხვდა. მათთან საუბრისას პრეზიდენტი სიტყვა სამარცხვინო-ს ხშირად იყენებდა და რამოსმა პასუხი სწორედ ამ დროს გასცა. მან მმართველი საბჭო არასწორ მუშაობაში, გეგმების ცუდად დალაგებაში და მიმდინარე სეზონში მომხდარ კატასტროფაში დაადანაშაულა.

რამოსის მსურველთა შორის „მანჩესტერსა“ და „ლივერპულს“ ასახელებენ, თუმცა ყველაფერი ისე არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. MARCA-ს ცნობით ზინედინ ზიდანის სამომავლო გეგმებში კაპიტნის გაშვება არ შედის. ფრანგ სპეციალისტს იმედი აქვს, რომ ესპანელი უკანახაზელი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დარჩება და მომდევნო სეზონშიც „რეალის“ მაისურით იასპარეზებს.

MARCA იუწყება, რომ „ზიზუს“ რამოსთან გრძელი დიალოგი ჰქონდა და პრობლემების შესახებ ესაუბრა. როგორც ირკვევა ზიდანი შედეგით კმაყოფილია და გუნდის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ არ სურს რამოსმა ზაფხულში მადრიდი დატოვოს.

33 წლის მცველი „სამეფო კლუბის“ ღირსებას 2005 წლიდან იცავს. „რეალში“ ყოფნისას მან ჩემპიონთა ლიგის და ლა ლიგის დასაკუთრება 4-4-ჯერ მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები