„სუმოს ასოციაციაში ზარები არ წყდებოდა
Aa
Aa

„სუმოს ასოციაციაში ზარები არ წყდებოდა" - როგორ მოპარეს ტოჩინოშინს ჩემპიონობა

ტოკიოში „რიოგოკუ კოკუგიკანში“ გამართულმა „ნაცუ ბაშომ“ სუმოს სამყაროში დიდი ხმაური გამოიწვია.

სანამ მთავარ მომენტამდე მივიდოდეთ მანამდე ორი სიტყვით ვიტყვი თუ რას ნიშნავს სუმო იაპონელი ხალხისთვის. ეს მათთვის უბრალოდ სპორტის სახეობა არ არის. სუმო იაპონელთათვის კულტურის, რელიგიის, თვითშემეცნების, მსოფლმხედველობის სიმბოლო და გამოხატულებაა.

ეს არის მათი ეროვნული სიამაყე. ღმერთების ბრძოლა - ლეგენდის თანახმად პირველი ბრძოლა ღმერთებს შორის შედგა, გამარჯვებული ღმერთის შვილები გახდნენ იაპონიის იმპერატორები და სწორედ ამიტომ ეწოდება ბაშოს იმპერატორის თასი.

სუმოისტებს იაპონიაში დღემდე ნახევრადღმერთებად თვლიან. მათ ხალხი უდიდესი პატივისცემით ეპყრობა. ისინი საზოგადოებაში უზომოდ დიდი პოპულარობით სარგებლობენ. აი რას ნიშნავს სუმო იაპონიისთვის.

იხილეთ - დოკ. ფილმი ქართული გახმოვანებით: სუმო - ტრადიციის სილამაზე

როგორც მოგეხსენებათ სუმოისტებს გამარჯვებისა თუ დამარცხების შემდეგ ემოციის გამოხატვის უფლება არ აქვთ. მოკლედ, ისინი მეტი არიან ვიდრე უბრალოდ სპორტის სახეობის წარმომადგენლები და მგონი ნათლად ავხსენით თუ რატომაც.

სუმოში საკმაოდ იშვიათია მიკერძოება და უზუსტობა. რაც „ნაცუ ბაშოზე“ ტოჩინოშინს გაუკეთეს ეს იყო სამარცხვინო ფაქტი, რომელიც ისტორიაში დიდ შავ ლაქად დარჩება. ამას უკვე არაფერი ეშველება.

 

 

ბაშოს საკმაოდ ბევრი ხალხი უყურებს და ინტერნეტსივრცეში იმპერატორის თასის ტრანსლირება იაპონურის გარდა რამდენიმე საერთაშორისო ენაზეც მიმდინარეობს.

ტოჩინოშინისა და ასანოიამას ბრძოლის მეორე დღეს პირდაპირი ეთერის დროს ინგლისურენოვანმა კომენტატორებმა ხსენებული სკანდალური მომენტი გაიხსენეს და თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს:

„სუმოს ასოციაციაში ტოჩინოშინისა და ასანოიამას ბრძოლის შედეგის გამოცხადების შემდეგ ზარები არ წყდებოდა. ხალხი ძალიან უკმაყოფილო და აღშფოთებული იყო.

ინტერნეტსივრცეში და სოციალურ ქსელებში, ისევე როგორც ტელევიზიებში უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ტოჩინოშინს გამარჯვება მოპარეს და დიახ, მეც ამ აზრზე ვარ. მათ ქართველ რიკიშის სუფთა მოგება წაართვეს.

ჩემთვის პირადად ძალიან გულდასაწყვეტი და უცნაური იყო არბიტრების ქმედება. ისინი დოჰიოსთან ერთხელაც არ მივიდნენ და ის ადგილი არ შეუმოწმებიათ სადაც ტოჩინოშინმა თითქოს ფეხი დაადგა. საერთოდაც რა საჭირო იყო 6-7 წუთიანი მონოი (განხილვა)?“

ლევან გორგაძეს არბიტრებმა გამარჯვება წაართვეს და ოძეკის წოდების დაბრუნება საფრთხის ქვეშ დააყენეს, მაგრამ ტოჩინოშინმა მეორე დღეს გამარჯვება მოიპოვა და წოდება დაიბრუნა, თუმცა საჩემპიონო შანსები დაკარგა.

თითქმის ყველა თანმხდება იმაზე, რომ მსაჯების ასეთი ქმედება იაპონელი რიკიშის მე-8 მაეგაშირა ასანოიამას გაჩემპიონებას ემსახურებოდა.

ასანოიამას ლევანთან წაგება, რომ ჩათვლოდა „ნაცუ ბაშოს“ მოგების მთავარ ფავორიტად ტოჩინოშინი იქცეოდა, რადგან იმ დღესვე თავისი ბრძოლა იოკოძუნა კაკურიუმ ოძეკი ტაკაიასუსთან დათმო.

რა თქმა უნდა, არავინ იცის დარჩენილ 2 ბრძოლაში რას იზამდა ლევანი. წავიდოდა თუ არა ის კაკურიუს წინააღმდეგ ჰენკაზე? გამოიყენებდა კი ის სუმოს სამყაროში მიუღებელ ილეთს ოძეკობის განაღდების შემთხვევაში? ასევე ბოლო ბრძოლა ტაკაიასუს წინააღმდეგ, რომელიც ტოჩინოშინმა დათმო.

მოკლედ, არავინ იცის მოვლენები როგორ განვითარდებოდა, მაგრამ ფაქტი ის გახლავთ, რომ ასანოიამასთან გამარჯვებისა და მე-13 სატურნირო დღის დასრულების შემდეგ ლევან გორგაძე ოძეკობას ინაღდებდა და ტურნირის მოგების მთავარი ფავორიტი ხდებოდა.

21-ე საუკუნეში იაპონელებმა სუმოში პოზიციები დათმეს და დღემდე სიტუაციას მონღოლები აკონტროლებენ. ჯერ იყო იოკოძუნა ასაშორიუ, „ნამდვილი ცეცხლი“ როგორც მას ტოჩინოშინი უწოდებს, შემდეგ იყო მორიგი მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო, რომელიც დღემდე დომინირებს და მის წინაშე ყველას შანსი ძალიან მცირეა.

დღეს მეორე ნომერიც კი მონღოლია - იოკოძუნა კაკურიუ. მოკლედ, იაპონელებმა ძალაუფლება გამოიყენეს, რასაც ლევანის საჩემპიონო შანსები შეეწირა.

ასანოიამამ „ნაცუ ბაშოზე“ წააგო (მოაგებინეს) ბრძოლა ლევანთან, დამარცხდა კომოსუბი მიტაკეუმისთან, საერთოდ არ შეხვედრია იოკოძუნა კაკურიუს, ასევე ოძეკი ტაკაიასუსაც, უშანსოდ წააგო ერთ-ერთ ყველაზე აგრესიული სტილის მქონე რიკიშისთან ტამავაშისთან. იაპონელმა რთული ბრძოლებიდან მხოლოდ ოძეკი გოიედოს დამარცხება შეძლო, რომელიც ტურნირზე საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდა. ბოლო წლებში იმპერატორის თასს ერთ-ერთი ყველაზე სუსტი რიკიში დაეუფლა, რომელსაც ასოციაციამ ხელი ყველანაირად შეუწყო.

რაც არის არის, როგორც ჩანს სპორტის არცერთ სახეობაში არ არსებობს სრული სიწმინდე და სამართლიანობა...

რა იქნება მომავალში? მომდევნო ტურნირი სტარტს ივლისში აიღებს. "ნაგოია ბაშო" 8 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით ჩატარდება და დიდი ალბათობით ჰაკუჰოც დაბრუნდება...

ყველამ იცის ტოჩინოშინის ისტორია... უმძიმესი ტრავმისა და საგრძნობლად დაქვეითების შემდეგ, ლევანისგან ამ შედეგს კი არა, ზოგადად მის დაბრუნებასაც არავინ მოელოდა. საუბარი იყო კარიერის დასრულებაზეც კი, თუმცა მებრძოლმა სულმა თავისი გაიტანა და დღეს ის იქ არის სადაც იმსახურებს, რომ იყოს!

მის კარიერას ტრავმები მუდამ თან სდევს. 2019 წელს ლევანმა იმდენი ტრავმა მიიღო, რომ სუმოისტის მთელს კარიერასაც ეყოფოდა. საბოლოოდ მან კვლავ იბრძოლა და დაკარგული დაიბრუნა.

დღეს ტოჩინოშინ ცუიოში, ანუ ძლიერი გული (ზუსტი თარგმანი) კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა, კვლავ ოძეკია და მისი დაუჯერებელი ისტორია გრძელდება!

როდესაც ცხოვრებაში პრობლემას წააწყდებით, როდესაც რაიმე გაგიჭირდებათ და მას დაუძლეველ ბარიერად ჩათვლით გაიხსენეთ ლევან გორგაძის განვლილი გზა და იყავით ოპტიმისტები!

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

ცხელი ამბები