მათეუსი:
Aa
Aa

მათეუსი: "დარწმუნებული ვარ, სანე "ბაიერნში" გადავა"

ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელის, ლოთარ მათეუსის თქმით, ლეროი სანე კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს. 23 წლის შემტევს ბევრი მსურველი ჰყავს, თუმცა მათეუსს სჯერა, რომ იგი სწორედ „რეკორდმაისტერს“ აირჩევს.

„ფეხბურთელი, რომლის საყვარელი გუნდის რიგებში ხილვაც „ბაიერნის“ ფანებს აღაფრთოვანებს, ლეროი სანეა. დარწმუნებული ვარ, იგი მიუნხენში გადაბარგდება. თუკი ული ჰოინესი საჯაროდ ამბობს, რომ რომელიმე მოთამაშის გადაბირებას ცდილობს, ის ფეხბურთელი უმრავლეს შემთხვევაში ბავარიაში გადადის.

სანეს „ბაიერნში“ ტრანსფერი ფანტასტიკური იქნებოდა, რადგან იგი დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია. სახიფათო, სწრაფი, გოლზე დაგეშილი და უდიდესი მომავლის ფეხბურთელი.

პეპ გუარდიოლა მისით სათანადოდ კმაყოფილი არაა, ბუნებრივია, რომ ასეთ ფეხბურთელს რეგულარული სათამაშო დრო სურს, „ბაიერნს“ კი რობენისა და რიბერის წასვლის შემდეგ გარემარბი სჭირდება. ვფიქრობ, ეს ტრანსფერი ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება.

შეიძლება ის ნეიმარის ღირებულების არ იყოს, მაგრამ დაახლოებით 100 მილიონი ევრო ღირს. ხელფასი, ბონუსები, სატრანსფერო თანხა - ამ ყველაფრით „ბაიერნის“ სატრანსფერო რეკორდი დამყარდება, მაგრამ სანეს „ალიანც არენაზე“ გადაყვანა ამად ნამდვილად ღირს“.

ლეროი სანე „სიტიში“ 2016 წელს „შალკედან“ გადავიდა, კლუბთან კონტრაქტი კი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გერმანელმა „ქალაქელებთან“ ერთად 2-ჯერ პრემიერ ლიგა და ინგლისის ლიგის თასი, ასევე ასოციაციის თასი და „ქომუნითი შილდი“ მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები